თანამდებობა დატოვა მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტის, „შერემეტიევოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ პონომარენკომ. ის ერთ-ერთია 26 პირს შორის, რომლებსაც ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა უკრაინაში რუსეთის თავდასხმის გამო.
რუსული სააგენტოები ავრცელებენ პონომარენკოს ოფიციალურ განცხადებას იმის შესახებ, რომ შექმნილი გარემოებების გამო, საჭიროდ მიიჩნია "შერემეტიევოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებაზე უარის თქმა. ალექსანდრ პონომარენკო ამ თანამდებობას იკავებდა 2016 წლის ივნისიდან. ის "შერემეტიევო-ჰოლდინგის" 65.99%-ის მფლობელია.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა რუსეთის ხელისუფლების, ბიზნესის და მედიის 26 წარმომადგენელს. 28 თებერვლიდან ისინი ვეღარ შევლენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. გაყინულია ევროპაში მათი აქტივებიც.
რუსული პროპაგანდისტული მედიიდან „შავ სიაში“ მოხვდნენ ტელეკომპანიების, „ენტევეს“, „როსია 1“-ის და RT-ს და სააგენტო „რეგნუმის“ რედაქტორები და ტელეწამყვანები არკადი მამონტოვი, ტიგრან კეოსაიანი, ოლგა სკაბეევა, მოდესტ კოლეროვი, რომან ბაბაიანი და ანტონ კრასოვსკი.
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, მათ შორის მსხვილი ბანკების და ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებს იგორ სეჩინს, გენადი ტიმჩენკოს, ნიკოლაი ტოკარევს, ალიშერ უსმანოვს, ალექსეი მორდაშოვს, ალექსანდრ პონომარენკოს, პიოტრ ავენს, მიხაილ ფრიდმანს და პიოტრ ფრადკოვს.
პერსონალური სანქციები ამოქმედდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის მოადგილის, სერგეი პინჩუკის, სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილეების, ალექსეი ავდეევის და რუსტამ მურადოვის და ამავე ოლქის მე-8 გვარდიის მეთაურის, ანდრეი სიჩოვის წინააღმდეგ.
რუსეთის ხელისუფლებიდან „შავ სიაში“ არიან: პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, ვიცე-პრემიერი დმიტრი ჩერნიშენკო, მშენებლობის და ტრანსპორტის მინისტრები ირეკ ფაიზულინი და ვიტალი საველიევი და ფედერაციის საბჭოს პირველი ვიცე-სპიკერი ანდრეი ტურჩაკი.
24 თებერვალს, ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსეთის საბანკო, ენერგეტიკის და სხვა სფეროების წინააღმდეგ. უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
რუსეთის ეკონომიკური და საფინანსო სისტემის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, რუსული კომპანიები მილიარდობით დოლარს კარგავენ. გაუფასურდა რუსული რუბლი.