საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინაზე ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ლავროვის, პუტინის ან ლუკაშენკასი ეგონებოდა.
"მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო ერთი ციტატით და მინდა კარგად მოვისმინოთ. აბა, თუ გამოიცნობთ ვინ თქვა ეს? "უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი იტყოდა, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის ან ლავროვს, ან პუტინს, ან ბელარუსის პრეზიდენტს. სინამდვილეში ეს არის თქვენი პოზიცია. ეს არის საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის პოზიცია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ თქვენდამი გასახმოვანებლად დავალებული პოზიცია", - განაცხადა გოცირიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს რუსეთის მიმართ, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა მის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი ოპერაციის საპასუხოდ დააწესეს.
ღარიბაშვილი მიღებულ გადაწყვეტილებას "ქვეყნისა და მოსახლეობის ეროვნული ინტერესებით" ხსნის.
ამასთან, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოდან ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის, უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
ზელენსკიმ ელჩი გაიწვია ასევე ყირგიზეთიდან, ამ ქვეყნის მიერ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამართლების გამო.
დაწერეთ კომენტარი