გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის ოფისის მენეჯერმა თანამდებობა დატოვა იმის გამო, რომ შრიოდერმა უარი თქვა, გადადგეს რუსეთის ენერგოკომპანიებში დაკავებული მაღალი თანამდებობებიდან.
ალბრეხტ ფუნკი, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაშია შრიოდერის ოფისის ხელმძღვანელი და მისი სპიჩრაიტერი, გასულ კვირაში გადადგა მას შემდეგ, რაც შრიოდერი არ დაეთანხმა მის რჩევას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაეტოვებინა თანამდებობები „როსნეფტსა“ და „გაზპრომში“. ამის შესახებ 1 მარტს იტყობინებიან გერმანული გამოცემები The Pioneer-ი და Hannoversche Allgemeine Zeitung-ი.
ინფორმაციის თანახმად, ფუნკის გარდა შრიოდერის ოფისი კიდევ სამმა თანამშრომელმა დატოვა.
გასულ კვირაში შრიოდერმა გააკრიტიკა უკრაინაში პუტინის მიერ დაწყებული ომი, მაგრამ დასძინა, რომ „ორივე მხარემ დაუშვა შეცდომები“. მან გაიმეორა კრემლის პოზიცია, რომ ნატომ აღმოსავლეთისკენ გაფართოებით მოახდინა კრემლის პროვოცირება.
უკანასკნელი კვირების განმავლობაში შრიოდერი დიდ ზეწოლას განიცდის, რომ დატოვოს კრემლთან დაახლოებული ენერგოკომპანიები.
გაისმის ხმები, რომ მას გერმანიაში ჩამოერთვას შეღავათები, რომლებითაც სარგებლობს როგორც ყოფილი კანცლერი.
შრიოდერის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლარს კლინგბაილმა შაბათს მწვავედ გააკრიტიკა ყოფილი კანცლერი. „აგრესორთან, ომის წამომწყებ პუტინთან ბიზნესს არ აწარმოებენ. გერმანიის ყოფილი კანცლერი ვერასოდეს იმოქმედებს როგორც კერძო პირი. მით უმეტეს, ამჟამინდელ ვითარებაში. ამიტომ დიდი ხანია დროა, პუტინთან შეწყდეს საქმიანი ურთიერთობები“, - დაწერა კლინგბაილმა ფეისბუკში.
გერჰარდ შრიოდერი არის რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტისა“ და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ სამეთვალყურეო საბჭოების თავმჯდომარე. 2022 წლის დამდეგს დაასახელეს „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად. მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
დაწერეთ კომენტარი