Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შენ ამ ბიჭებთან მართალი ხარ? - 5 ივლისის საქმეზე დაკითხულ ჟურნალისტებს სხდომის გარეთაც საქმეს ურჩევდნენ


2 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციებულ ძალადობაში ბრალდებულების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა - დაიკითხნენ მოწმეები, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი რატი წვერავა და „მთავარი არხის“ ოპერატორი დათო ახალაძე. სხდომიდან გამოსვლის შემდეგ რატი წვერავასა და სხვა ჟურნალისტებს „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერი აგრესიულად განწყობილი ჯგუფის წევრები სასამართლოს ეზოში დაუპირისპირდნენ.

2 მარტის სასამართლო სხდომაზე რატი წვერავამ კიდევ ერთხელ გაიხსენა გასული წლის 5 ივლისს მომხდარი ამბავი, როდესაც რუსთაველზე, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე აგრესიული ადამიანების ჯგუფი დაესხა თავს.

კადრი 2 მარტის სასამართლო სხდომიდან
კადრი 2 მარტის სასამართლო სხდომიდან

თავის გამოსვლაში რატიმ თქვა, რომ იმ დღეს, ეს ადამიანები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შემდეგ გააქტიურდნენ და გადავიდნენ ძალადობაზე - „თითქოს მათ ვიღაცამ მწვანე შუქი აუნთო და ძალადობის უფლება მისცა“.

ისევე როგორც 22 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, ამჯერადაც რატი წვერავას სიტყვა შეაწყვეტინა დაკავებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა.

„მოწმე იმ განცხადებებს აჟღერებს, თუ როდის რა თქვა პრემიერ-მინისტრმა და ამას უკავშირებს მასზე თავდასხმას. ეს მისი უფლებაა, მაგრამ აქ არ არის პოლიტიკური ანალიზის ადგილი. აქ მოწმემ უნდა მოყვეს, სად იყო და როგორ განვითარდა მოვლენები“, - თქვა მან და ჟურნალისტს ასეთი შეკითხვა დაუსვა:

- რით ახსნით იმ ფაქტს, რომ თქვენ დაზარალდით და თქვენი ოპერატორი არა?

- ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ.

- ანუ ამაზე პასუხი არ გაქვთ?

შემდეგ ადვოკატი აგრძელებს და ეკითხება:

- თქვენ მიხვედით მეუფესთან, გინდოდათ მისთვის კითხვის დასმა, ცდილობდით ძალით მიგეტანათ მიკროფონი მასთან ახლოს და დაგესვათ თქვენთვის სასურველი კითხვა. მაინტერესებს, როცა მან მოგიწოდათ გეცლიათ საზოგადოებისთვის მიმართვა, რატომ აქტიურობდით და ცდილობდით მეუფის და იქ მყოფთა გაღიზიანებას?

- სამწუხაროა, რომ თქვენთვის ჟურნალისტური მოვალეობის შესრულება გაღიზიანება და პროვოკაციაა. მე მხოლოდ კითხვის დასმას ვცდილობდი, რაც ვერ მოვასწარი. კადრებშიც ჩანს, რომ მე მინდოდა მხოლოდ კითხვის დასმა.

- მეუფე გეუბნება, დამანებე, შვილო, თავიო, თქვენ მაინც მიიწევთ, რატომ არ შეწყვიტეთ?

- „მიიწევთ“ უკვე არასწორი ფორმულირებაა.

რატი წვერავა
რატი წვერავა

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ რატი წვერავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, სხდომიდან გამოსულს სასამართლოს ეზოში „ალტ-ინფოს“ ჯგუფი დახვდა და საქმის გასარჩევად „გვერდზე გასვლა“ შესთავაზეს:
„დავილაპარაკოთ, მოძალადეებს რატომ გვეძახიო“.

- შენ ამ ბიჭებთან მართალი ხარ, არაკაცებს რომ უწოდებ? - ეკითხება ერთ-ერთი პირი რატი წვერავას.

- კადრები ნანახი გაქვთ? - პასუხობს რატი წვერავა.

რატი წვერავა კვლავ რჩება იმ აზრზე, რომ მასზე მოძალადეებს და მათ ადვოკატებს არჩეული აქვთ სასამართლო პროცესების გაჭიანურების სტრატეგია, რომ შემდეგ საბაბი მიეცეთ და 9 თვის გასვლის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლონ.

„რასაც უბრალოდ არ დავუშვებთ. მე ჯერჯერობით ვერ მივაღწიე მიზანს ჩემს საქმეზე, რადგან დღეს დაკავებულია ისევ ერთი თავდამსხმელი, მაშინ როცა 5-6 ადამიანია, რამდენჯერმე მივმართეთ პროკურატურას, მაგრამ ამ დრომდე სხვა არავინ დაუკავებიათ. ამიტომ ახლა ერთადერთი გზა ის მრჩება, რომ მივმართო სტრასბურგის სასამართლოს“, - ამბობს რატი წვერავა.

5 ივლისის საქმეზე დაკავებულების მხარდამჭერები სხვა ჟურნალისტებსაც დაუპირისპირდნენ, რის გამოც ადგილზე სამანდატურო სამსახურის და საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

რატი წვერავას სასამართლოს ეზოში დაუპირისპირდნენ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:30 0:00

ოპერატორები რატი წვერავას სასამართლოდან გამოსვლის კადრებს ვიღებდით, როცა აგრესიული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჩემს ჟურნალისტთან მივიდა და პროვოკაციული კითხვების დასმა დაუწყო. მერე მე მომვარდნენ, ფულის მონა მეძახეს. შეურაცხყოფას მაყენებდნენ, რაზეც მეც იგივეთი ვუპასუხე და გაწევ-გამოწევა დაიწყო. მანდატურის სამსახურმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა“, - აცხადებს „რუსთავი 2”-ის ოპერატორი არჩილ ჭიჭიბოშვილი.

2 მარტის სხდომაზე დაკითხეს „მთავარის“ ოპერატორი დათო ახალაძეც.

  • იქნებით თუ არა თანახმა, რომ განაჩენის დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ან აღკვეთის ღონისძიება იყოს შეცვლილი ან შედარებით ლმობიერი სასჯელი გამოიყენოს სასამართლომ? - ჰკითხა ახალაძეს ბრალდებულის ადვოკატმა, რაზეც ოპერატორმა უპასუხა, რომ ჯობს ეს სასამართლომ გადაწყვიტოს.

2021 წლის 30 ივლისს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებული იყო 31 პირი. მათგან 27 - ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე,

3 პირი - „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე და კიდევ 1 პირი, რომელიც პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა. შსს-ს ცნობით, ეს არის 5 ივლისის საქმეზე დაკავებულების ბოლო მონაცემი - მას შემდეგ არავინ დაუკავებიათ.

ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

XS
SM
MD
LG