პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ პატიმრის მონახულების შემდეგ ბადრაგის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა - შეაგინა და სილა გაარტყა. თუთბერიძე ასევე ამბობს, რომ აქვს ინციდენტის ამსახველი აუდიოჩანაწერიც და მომხდარის დეტალებს იხსენებს.
"მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ, როცა ვტოვებდი ციხეს, ერთ-ერთმა პირმა შეაგინა მას, კამერების თვალწინ. იქ იყო სხვა თანამშრომელიც. მივუთითე, რომ არ შეიძლებოდა ასე მოქცევა და პატიმრის გინება... გამიყვანა ოთახში და მითხრა, რომ კამერები არ იყო იქ, ქუჩის ბიჭურად გამირჩია საქმე... ვუთხარი, რომ იყო უზრდელი, რის შემდეგაც ჩემი მისამართითაც შეიგინა, რაზეც ვუპასუხე... შემდეგ დაბრუნდა ფიზიკური შეურაცხყოფის მოსაყენებლად", - თქვა თუთბერიძემ "მთავარი არხის" ეთერში.
არხი ავრცელებს აუდიოჩანაწერსაც და ამბობს, რომ მასში დაფიქსირებულია ინციდენტის მომენტი:
სავარაუდოდ ბადრაგის თანამშრომელი: აქ კამერები არ არის, აქ ვილაპარაკოთ.
შოთა თუთბერიძე: ვილაპარაკოთ... როგორ შეიძლება პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი პატიმარს აგინებდეს.
სავარაუდოდ ბადრაგის თანამშრომელი: აი, ეგრე ვაგინებ. გული შეგტკივა მიშაზე?
შოთა თუთბერიძე: ყველა პატიმარზე შემტკივა, ვისაც ვიცავ.
სავარაუდოდ ბადრაგის თანამშრომელი: ყველა პატიმარს არ ვაგინებ, მიშას ვაგინებ.
შოთა თუთბერიძე: რა გქვია, რა გვარი ხარ?
სავარაუდოდ ბადრაგის თანამშრომელი: რა მნიშვნელობა აქვს... რატო უნდა მიჩივლო?
შოთა თუთბერიძე: უნდა შევატყობინო შენს ხელმძღვანელობას, რომ ჰყავს უზრდელი თანამშრომელი, რომელიც...
სავარაუდოდ ბადრაგის თანამშრომელი: უზრდელები, ბიჭო, შენს ოჯახში მოიკითხე. წესიერად ილაპარაკე. ამოგაძრობ ენას.
შოთა თუთბერიძე: ვერაფერს ვერ მიზამ...
სავარაუდოდ ბადრაგის თანამშრომელი: აი, როგორ ვერ გიზამ. იდი ნა ხ*ი აქედან მალე!..
შემდეგ ისმის ორივეს მხრიდან დედის მისამართით გინება, პირველი, სავარაუდოდ, ბადრაგის თანამშრომელია.
რადიო თავისუფლება ცდილობს პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას. უწყებაში სატელეფონო ზარებს ჯერ არ პასუხობენ.