უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წევრი დაიღუპა უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვისას.
განცხადება ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ ორშაბათს გააკეთა და სამძიმარი გამოუცხადა მარინა ფენინას ოჯახსა და ახლობლებს:
„ჩვენ ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას გამოვთქვამთ მარინას ოჯახის მიმართ. მარინა იყო SMM-ს გუნდის ღირებული წევრი და ჩვენი კოლეგები უკრაინაში რჩებიან მჭიდრო კავშირში მის ოჯახთან, რათა შესთავაზონ ჩვენი მხარდაჭერა.
მარინა მოკლეს, როდესაც საომარ ზონად ქცეულ ქალაქში ოჯახს ამარაგებდა. ამ და უკრაინის სხვა ქალაქებში, ჭურვები და რაკეტები ხვდება საცხოვრებელ კორპუსებს, კლავს და აზიანებს უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს - ქალებს, კაცებსა და ბავშვებს",- წერია განცხადებაში, რომელიც რუსეთის ფედერაციას საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.
საომარი მოქმედებები რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაიწყო. რუსეთი ერთდროულად უკრაინის რამდენიმე მსხვილ ქალაქსა და დასახლებას ბომბავს.
დაწერეთ კომენტარი