Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი:  ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოება ყველაფერს აკეთებდნენ ევროპული ღირებულებების უზრუნველსაყოფად


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ხანგრძლივი და რთული გზის შემდეგ, ქვეყანამ განვითარების გარდამტეხ პერიოდში შეაბიჯა. ასე გამოეხმაურა ის საქართველოს პრემიერის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ხელის მოწერას.

"ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ხელის მოწერით საქართველომ შეაბიჯა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გარდამტეხ უმნიშვნელოვანეს პერიოდში და გადაშალა ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში. საქართველომ მართლაც გაიარა ხანგრძლივი, რთული, შეიძლება ითქვას, მრავალსაუკუნოვანი გზაც კი იმისთვის, რომ ასე ახლოს ყოფილიყო ჩვენი წინაპრების სანუკვარ ოცნებასთან. განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ჩვენი ხელისუფლება და ქართული საზოგადოება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიურობაში უზრუნველყოფილიყო ევროპული ღირებულებები და ფასეულობები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა და სხვა", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღეს, 3 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების განაცხადს. გუშინ, 2 მარტს კი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს დაჩქარებული წესით გააკეთებდა.

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენას 2024 წელს გეგმავდა. ირაკლი კობახიძის თქმით, დაჩქარებული წესით განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილების მიღება ახლა, მსოფლიოში შეცვლილი ვითარებით არის განპირობებული.

საქართველოს მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა, რუსეთთან ომის პარალელურად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის მიერ განაცხადის შეტანა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებაში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა.

1 მარტს 637 ევროპარლამენტარმა 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG