აშშ-მა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გააფართოვა სია პირებისა, რომლებსაც სანქციები დაუწესა.
სიაში შეტანილია დამატებით 19 რუსი ბიზნესმენის და მოხელის, ასევე მათი ოჯახების 47 წევრის გვარები. სიაში მოხვდნენ აგრეთვე მათთან დაკავშირებული კომპანიებიც.
24 თებერვალს დაწყებული ომის, რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ათასობით ადამიანი და დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა.
პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის გარდა, რომელიც სანქციების შესახებ თეთრი სახლის განცხადებაში აღწერილია, როგორც "პუტინის პროპაგანდის მთავარი გამავრცელებელი", სანქციები, რომლებიც გულისხმობს აქტივების გაყინვას და აშშ-ში შესვლის აკრძალვას, დაუწესეს „როსტეხის“ ხელმძღვანელს, სერგეი ჩემეზოვს, პუტინთან დაახლოებულ მეწარმეებს, არკადი და ბორის როტენბერგებს, მილიარდერ ალიშერ უსმანოვს, „ვნეშეკონომბანკის“ ხელმძღვანელს, იგორ შუვალოვს, „ტრანსნეფტის“ უფროსს, ნიკოლაი ტოკარევს და ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს. სიაშია ასევე უსმანოვის სუპერიახტა, რომელიც გერმანიის ხელისუფლებამ დააკავა და მისი თვითმფრინავი.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პირები "გამდიდრდნენ რუსი ხალხის ხარჯზე".
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ასევე დაუწესა სანქციები უსმანოვს და ყოფილ ვიცე-პრემიერს, იგორ შუვალოვს, რომელიც იმ პირთა შორისაა, რომელთაც აშშ-მა დაუწესა სანქციები. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ წყვილს აქვს "მნიშვნელოვანი ინტერესები გაერთიანებულ სამეფოში და მჭიდრო კავშირები კრემლთან". ახალი ზომები შეესაბამება ევროპის კავშირის მიერ რუსეთის უმდიდრესი ადამიანების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
დაწერეთ კომენტარი