აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ დისტანციურად მიმართა თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს, რომლებიც რუსეთთან ომში უკრაინას უცხადებენ მხარდაჭერას.
„უკრაინელო ძმებო და დებო, თქვენ შეცვალეთ ქვეყნის ისტორია. თქვენი მებრძოლი სული და სიმამაცე ჩვენთვის სამაგალითოა. თქვენ უკვე იმდენი რამ გააკეთეთ, რაც შეერთებულმა შტატებმა ათეულობით წლები ვერ შეძლო. თქვენ სრულიად გააერთიანეთ ტრანსატლანტიკური საზოგადოება, რომელიც თქვენ მხარდაჭერას გიცხადებთ, სამხედრო დახმარებას გიწევთ. მთელი მსოფლიო თქვენს მხარეს არის, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ და დაამატა, - საერთაშორისო საზოგადოება ისე არის გაერთიანებული, როგორც არ ყოფილა მაშინ, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში ან უკრაინაში პირველი შეჭრის დროს. საქართველო იძულებული იყო საკუთარი თავი დაეცვა, საკუთარი ტერიტორია დაეცვა პუტინის შეტევისგან. საქართველოს შემთხვევა განმეორდა უკრაინაში. ახლა ისევ ხდება უკრაინის ტერიტორიების ანექსია და უკრაინამ ყველა უფრო მამაცი გაგვხადა, გაგვაერთიანა“.
თბილისში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყოველდღე იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები სხვადასხვა ფორმატში. 4 მარტს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე დისტანციურად მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.