რუსეთთან ომში უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს გააცნეს წარმოშობით ქართველი რუსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ბორის აკუნინის(გრიგორი ჩხარტიშვილის) მიმართვა.
„მე ვარ ქართველი, მაგრამ რუსი მწერალი. მე მიყვარს რუსეთი. ჩემთვის აუტანელია იმის ხილვა, თუ რა ემართება მას ახლა, მაგრამ უფრო მძიმეა იმის ყურება, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს. სწორედ ამას ვგრძნობდი 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა.
გემუდარებით, გემუდარებით, უკრაინელებს, ქართველებს, ყველას, ყველას, გახსოვდეთ, პუტინის სახელმწიფო და რუსეთი არ არის ერთი და იგივე. რუსეთი დაპყრობილია ბანდიტების ერთი დაჯგუფების მიერ. ის ტყვეობაშია. არსებობს მეორე, ნამდვილი რუსეთი. ის ცოცხალია. ის იბრძვის და ერთხელაც გადააგდებს ამ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ტყუილსა და შიშზე დგას.
ადამიანებს უნდა აერთიანებდეთ არა მოქალაქეობა და ნაციონალური იდენტობა, არამედ საერთო შეხედულება სიკეთესა და ბოროტებაზე. ამ ყველაფერზე ნამდვილ, ცოცხალ რუსებს ზუსტად ისეთივე წარმოდგენა აქვთ, როგორც თქვენ და ამიტომ ჩვენ ერთად ვართ", - წერს ბორის აკუნინი მიმართვაში.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, თბილისში ყოველდღე იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები სხვადასხვა ფორმატში. 4 მარტს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე სხვებთან ერთად დისტანციურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი მიმართვის ადრესატები ერთდროულად იყვნენ ევროპის 7 ქალაქში - ფრანკფურტში, პრაღაში, ბრატისლავაში, ლიონში, პარიზში, თბილისსა და ვილნიუსში უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანები.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.
დაწერეთ კომენტარი