რუსეთის მიზანი არაა უკრაინის ნაწილებად დაყოფა, ის მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ცდილობს, აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი Sky News Arabia-სთან ინტერვიუში.
„2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უკრაინა დაექვემდებარა ნაცისტური იდეოლოგიის გავლენას... ჩვენ გვინდა გავათავისუფლოთ იგი ამ იდეოლოგიისგან. გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიაზე გაიზარდა ნატოს ინფრასტრუქტურა, რაც პირდაპირ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას... ჩვენ მიზანი არაა უკრაინის ტერიტორიის ნაწილებად დაყოფა, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა სპიკერმა.
პესკოვის თქმით, მოსკოვი ცდილობს „ევროპაში უსაფრთხოების სფეროში ბალანსის შეცვლას“ და უკრაინისთვის ნატოს ქვეყნების მიერ იარაღის მიწოდების შეჩერებას.
პესკოვი უარყოფს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებას, მას შემდეგ, რაც ის რუსული სამხედროების კონტროლის ქვეშ მოექცა.
„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა არ მომხდარა და არ დაზიანებულა. რაც მის ირგვლივ მოხდა, იყო პროვოკაცია უკრაინელი ნაციონალისტებისა და ექსტრემისტების მხრიდან, რომლებმაც შეტევა განახორციელეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე“, - განაცხადა მან.
რუსეთის ჯარი ატომურ ელექტროსადგურს პარასკევს დაეპატრონა, შეტევით, რომლის შედეგადაც ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა და მცირე ხნით გააჩინა შიში მოახლოებული ატომური კატასტროფის შესახებ. ხანძარი ჩააქრეს და რადიაციას არ გამოუჟონავს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნაბიჯებს „ბირთვული ტერორიზმი“ უწოდა და გაეროს უშიშროების საბჭოს მოქმედებისკენ მოუწოდა უკრაინის ბირთვული ობიექტების დასაცავად.
ამ დროისთვის, პესკოვის თქმით, „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და უსაფრთხოების საფრთხე არ არსებობს“.
პესკოვის მტკიცებით, „რუსეთი არასოდეს იმოქმედებს ისე, რომ რაიმე სახით საფრთხე შეექმნას მსოფლიოს უსაფრთხოებას“.
რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 24 თებერვალს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე.
დაწერეთ კომენტარი