რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ცნობით, რუსი ტურისტებით სავსე "ურალის ავიახაზების" თვითმფრინავი ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხიდან მოსკოვისკენ ვერ გაფრინდა ეგვიპტის საავიაციო ხელმძღვანელობისადმი უცხოელი მეიჯარის მიმართვის გამო.
სააგენტო თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ურალის ავიახაზების რეისი U6 1886 შაბათს მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში უნდა გაფრენილიყო კვიპროსის გავლით. მანამდე რუსეთში ამავე მარშრუტით ეგვიპტის კურორტებიდან მოსკოვში ორი თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაბრუნდა: „ახლა თანხმდება სხვა მარშრუტები, თუმცა ამას დრო დასჭირდება“, - ეუბნება წყარო "რია ნოვოსტის".
''ურალის ავიახაზებმა'' ეგვიპტეში ფრენები გააუქმა 14 მარტიდან 20 მაისამდე. ხოლო 5 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით განხორციელდება ფრენები მხოლოდ ეგვიპტიდან მგზავრების გადმოსაყვანად.
სააგენტოს ცნობით, შაბათს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ რუსულ ავიაკომპანიებს მისცა რეკომენდაცია, 6 მარტიდან შეწყვიტონ ფრენები საზღვარგარეთ თვითმფრინავების დაკავების რისკის გამო.
სააგენტომ რუსებს ურჩია, გამოიყენონ უცხოური კომპანიების კომერციული ფრენები მესამე ქვეყნებში გამგზავრებისთვის, რაც შეზღუდული არ არის.
უკან, რუსეთში დაბრუნება კი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ რუსული ან უცხოური ფრენებით აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, კატარის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, თურქეთის, სერბეთის გავლით ან სახმელეთო ტრანსპორტით.
დაწერეთ კომენტარი