უკრაინის მარიუპოლის საქალაქო საბჭო აცხადებს, რომ 6 მარტს უნდა მოხდეს დაახლოებით 400 000 ადამიანის ევაკუაცია ცეცხლის დროებით შეწყვეტის პირობებში, რომელიც ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათამდე გასტანს.
"მარიუპოლში შუადღის 12 საათიდან მიმდინარეობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით, რომელსაც დონეცკის სამხარეო სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ხელმძღვანელობს, დღეს, 6 მარტს, 10:00-დან 21:00-მდე დუმილის რეჟიმი დაწესდება", - ნათქვამია მარიუპოლის საქალაქო საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაში. როგორც იტყობინებიან, ჰუმანიტარული "მწვანე" დერეფნის“ სახით შერჩეულია შემდეგი მარშრუტი: მარიუპოლი-პორტოვსკოე-მანგუში-რესპუბლიკა-როზოვკა-ბილმაკი-პოლოგი-ორეხოვი-ზაპორიჟიე.
საქალაქო საბჭოში აღნიშნავენ, რომ ჰუმანიტარული დერეფნის გავლა შესაძლებელია კერძო ტრანსპორტითაც, მუნიციპალური ტრანსპორტის კოლონაში (მხოლოდ ავტობუსების უკან).
"თხოვნაა ყველა მძღოლის მიმართ, რომლებიც ქალაქიდან მიემგზავრებიან - მაქსიმალურად შეუწყვეთ ხელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, წაიყოლეთ ხალხი, მაქსიმალურად გაავსეთ ტრანსპორტი", - ნათქვამია განცხადებაში.
ქალაქის საბჭომ დაამატა, რომ ჰუმანიტარული დერეფნის მარშრუტიდან გადახვევა კატეგორიულად აკრძალულია.
მსგავსი გეგმა ჩაიშალა 5 მარტს მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის პირობა მთლიანად არ შესრულდა, რასაც მხარეები ერთმანეთს აბრალებდნენ.
ორგანიზაცია "ექიმები უსაზღვრებოდ“ მარიუპოლში შექმნილ ვითარებას კატასტროფულს უწოდებს.
ამასობაში ბრძოლები გრძელდება ბევრ სხვა რეგიონში 6 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მე-11 დღეს, რამაც სიკვდილი და ნგრევა და 1,5 მილიონზე მეტი ადამიანის მიერ ქვეყნის იძულებით დატოვება გამოიწვია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმრ ზელენსკიმ 6 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის ავიაციამ დაბომბა და გაანადგურა უკრაინის ქალაქ ვინიცის სამოქალაქო აეროპორტი.
უკრაინის სამხედროებმა 6 მარტს განაცხადეს, რომ ისინი რუსეთის ძალებთან "სასტიკ ბრძოლებში" არიან ჩართული სამხრეთის ქალაქ მიკოლაივთან, რომელიც აკონტროლებს გზას შავი ზღვისპირა მთავარ ქალაქ ოდესისკენ, დასავლეთით. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა ასობით სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს მთელ ქვეყანაში, მათ შორის ძლიერად დაბომბეს საცხოვრებელი რაიონები ქალაქ ჩერნიშევში, რომელიც კიევიდან, დედაქალაქიდან, ჩრდილოეთით მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ათობით მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს ჩერნიჰივში. ხალხი ცდილობდა გაქცევას ქალაქებში ბუჩასა და ირპენში მაშინ, როცა მათ საჰაერო დარტყმებით ბომბავდნენ.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში რუსეთის ტაქტიკა შეადარა მოსკოვის იმ ტაქტიკას, რომელიც მან ჩეჩნეთში და სირიაში გამოიყენა, როცა ქალაქები დაიბომბა და მძიმედ დაზიანდა მას შემდეგ, რაც რუსული ძალები მოულოდნელ წინააღმდეგობას წააწყდნენ მათი დამცველების მხრიდან.
დაწერეთ კომენტარი