Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: აშშ და ევროპელი მოკავშირეები განიხილავენ რუსეთის ნავთობზე უარის თქმის შესაძლებლობას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსული ნავთობის იმპორტზე უარის თქმის შესაძლებლობას.

ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა "სიენენთან" საუბრისას გააკეთა კომენტარი, როგორც არხი იტყობინება 6 მარტს. მისი თქმით, ვაშინგტონი თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ასეთ შესაძლებლობას.

„როცა საქმე ეხება ნავთობს, რუსულ ნავთობს - მე გუშინ ამ თემაზე ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტს და მთავრობის სხვა წევრებს და ახლა ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს, რათა კოორდინირებულად განვიხილოთ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის პერსპექტივა და ამავდროულად, სათანადოდ უზრუნველვყოთ ნავთობის მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე“, - განაცხადა ბლინკენმა "სიენენის" წამყვანთან, ჯეიკ ტაპერთან, ინტერვიუში.

ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს „ძალიან სანდო“ ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული შეიარაღებული ძალები მიზანმიმართულად ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინაში, რაც სამხედრო დანაშაულია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, 4 მარტს განაცხადა, რომ მოუწოდა ევროპის კავშირს, დაეწესებინა სანქციები, კერძოდ, რუსეთის ნავთობის სექტორის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG