Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანია აპირებს არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე


დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, დანიის მთავრობა თავდაცვის ბიუჯეტს გაზრდის და იმუშავებს, რათა ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე. დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის განცხადებით, ისტორიულ დროს საჭიროა ისტორიული გადაწყვეტილებების მიღება.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დანია თავდაცვის ხარჯებს ყოველწლიურად გაზრდის დაახლოებით 2.65 მილიარდი დოლარით.

პრემიერ-მინისტრ ფრედერიკსენის თანახმად, ძირითადი საპარლამენტო პარტიები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ დანია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გახდეს რუსული გაზისგან დამოუკიდებელი. რა დრო დასჭირდება ამ მიზნის მიღწევას, ჯერჯერობით უცნობია. 2019 წელს დანიამ ობიექტების რენოვაციის მიზნით შეაჩერა გაზის მოპოვების სამუშაოები ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე საბადოდან ტაირა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, დასავლეთის სახელმწიფოებმა სერიოზული სანქციები დაუწესეს რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ პირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG