Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის დაწყების ახალი დრო დაასახელა


უკრაინის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ბელარუსში. 2022 წლის 3 მარტი.
უკრაინის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ბელარუსში. 2022 წლის 3 მარტი.

უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების მესამე რაუნდი კიევის დროით 16:00 საათზე დაიწყება(თბილისის დროით 18:00 საათი).

ბელარუსის ტერიტორიაზე მოლაპარაკების განახლების დრო ტვიტერზე გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

მანამდე უკრაინის დელეგაციის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დავით არახამიამ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“-ს უთხრა, რომ მოლაპარაკება 15:00 საათზე დაიწყებოდა.

უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკების წინა ორი რაუნდი 28 თებერვალს და 3 მარტს შედგა. ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა მეორე შეხვედრაზე მიაღწიეს, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა იყო. 5 მარტს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოაცხადა მარიუპოლში, რათა ქალაქის მცხოვრებთ ჰუმანიტარული დერეფნით ესარგებლათ, თუმცა რეჟიმი დაირღვა, რაშიც უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

XS
SM
MD
LG