Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დათანხმდა განიხილოს უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მიმართვები გაწევრიანების თაობაზე


7 მარტს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დათანხმდნენ დაიწყოს ხანგრძლივი პროცესი, რომლის დროსაც შეისწავლიან უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მიმართვებს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და მიმდინარე ომის ფონზე - ევროკავშირის დიპლომატების ამ სიტყვებს სააგენტო ფრანს-პრესი ავრცელებს.

სამმა ქვეყანამ ბოლო დღეებში, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანა დიდწილად სიმბოლური განაცხადები ბლოკში გასაწევრიანებლად.

ბლოკის 27 წევრის მიერ 7 მარტს მიღებული ეს გადაწყვეტილება პირველი ნაბიჯია ხანგრძლივ პროცესში, რომლის დროსაც განსაზღვრავენ დაუშვან თუ არა ახალი წევრების გაწევრიანება, და რომელიც, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ბლოკის აღმასრულებელ ორგანოს, ევროპულ კომისიას სთხოვენ თავისი შეფასება წარმოადგინოს სამი ქვეყნის განაცხადებზე - იუწყებიან ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის წარმომადგენლები.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ცალკეული ქვეყნების ოფიციალური პოზიციები განაცხადებთან მიმართებით ცნობილი არ გამხდარა. შეხვედრაზე ძირითადად ბლოკის აღმოსავლელი წევრი სახელმწიფოები აქტიურობდნენ და მათი განცხადებებიდან ჩანდა, რომ პრიორიტეტულ საკითხს უკრაინა წარმოადგენს.

ევროკომისიას შესაძლოა ამ შეფასების გამოთქმისთვის წლები დასჭირდეს, ამის შემდეგ კი ბლოკის წევრი ქვეყნები ერთხმად უნდა დათანხმდნენ მსურველი ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას - წერს ფრანს-პრესი.

ეს ეტაპი, თავის მხრივ, ბიძგს აძლევს სიღრმისეული რეფორმების და მოლაპარაკებების პროცესს, რასაც, როგორც წესი, ათწლეული სჭირდება ხოლმე დასასრულებლად.

უკრაინამ ევროკავშირს მისი დაჩქარებული წესით მიღება სთხოვა, მოსკოვის სამხედრო შეტევის ფონზე. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. 1 მარტს ევროპის პარლამენტის კენჭისყრაზე უკრაინისთვის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა 637 ევროპარლამენტარმა 13-ის წინააღმდეგ. პარლამენტის რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“.

უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით მიმართეს საქართველომ და მოლდოვამ.

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის რიგი წევრები უჭერენ მხარს, თუმცა სხვები ყოყმანობენ ამ ომით დანგრეული ქვეყნისთვის გზის პირდაპირ გასახსნელად.

ევროკავშირის ლიდერები განაცხადებს მიმდინარე კვირაში საფრანგეთში დანიშნულ სამიტზეც განიხილავენ, რომლის მთავარი თემა იქნება უკრაინაში მიმდინარე ომი და მასზე ევროკავშირის რეაგირება.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკრაინელებისთვის მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან მოსკოვი ცდილობს ეს ქვეყანა ძალით დააბრუნოს თავისი გავლენის სფეროში.

2013 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების უარყოფამ ბიძგი მისცა პროევროპულ გამოსვლებს და იანუკოვიჩის ხელისუფლების დამხობას, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირება და სეპარატისტების მხარდაჭერა უკრაინის აღმოსავლეთში.

XS
SM
MD
LG