Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოდოლიაკი: შედეგები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სიტუაციას, ჯერჯერობით არ არის


მიხაილო პოდოლიაკი
მიხაილო პოდოლიაკი

ბელარუსის ტერიტორიაზე დასრულდა უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების მესამე რაუნდი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მოლაპარაკების მონაწილემ მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ არის მცირე დადებითი ძვრები ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის თვალსაზრისით... მისი თქმით, კონსულტაციები გაგრძელდება საბაზისო პოლიტიკურ საკითხებზე - დარეგულირება ცეცხლის შეწყვეტასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად.

„დღეისთვის შედეგები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სიტუაციას, ჯერჯერობით არ არის“, - აღნიშნა მან.

უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკების წინა ორი რაუნდი 28 თებერვალს და 3 მარტს შედგა. ერთადერთი შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა მეორე შეხვედრაზე მიაღწიეს, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა იყო. 5 მარტს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოაცხადა მარიუპოლში, რათა ქალაქის მცხოვრებთ ჰუმანიტარული დერეფნით ესარგებლათ, თუმცა რეჟიმი დაირღვა, რაშიც უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG