Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2008, 2014, 2022 - დასავლეთს სხვა შემთხვევა შეიძლება არც მიეცეს


პაველ კლიმკინი
პაველ კლიმკინი

რა კომპრომისებზე არიან მზად უკრაინა და რუსეთი. Current Time-ი უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს პაველ კლიმკინს ესაუბრა.

- ჰააგაში საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო. ეს სამხედრო დანაშაულებს ეხება. ასევე უკრაინა აპროტესტებს რუსეთის პოზიციას, თითქოსდა მან ომი საკუთარი მოქალაქეების გენოციდისგან თავდასახსნელად დაიწყო. როგორ ფიქრობთ, რამდენად პერსპექტიულია ეს ორივე საქმე?

- აბსოლუტურად რეალურია. სამწუხაროდ, ეს ხანგრძლივი პროცესია, რაც ზოგადად ახასიათებს საერთაშორისო სამართალს. მაგრამ საქმე პასუხისგებამდე აუცილებლად მივა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი და მისი დანაშაულებრივი ქმედებები ყველა კანონის მიხედვით დაისაჯოს. ეს არის რუსეთის, როგორც სახელმწიფოს ჩადენილი დანაშაული და ასევე მათიც, ვისი ხელითაც ის კეთდება. ჩვენ დამოუკიდებელ იურისტებთანაც უნდა ვითანამშრომლოთ, მათ უნდა მოაგროვონ და დაამტკიცონ ის დანაშაულები, რომელსაც რუსეთი სჩადის. დიახ, არ ველით, რომ მალე გამოვა გადაწყვეტილება, მაგრამ როცა გამოვა, ის ყოვლისმომცველი და ზუსტი უნდა იყოს, მკაცრი სანქციებით.

რაც შეეხება ნატოს, ეს საერთოდ უაზრობაა. უკრაინა საფრთხეს არ წარმოადგენს. მშვენივრად შეიძლება მოილაპარაკონ, რომ გარკვეული სახეობის იარაღი უკრაინაში უბრალოდ არ განთავსდება. რა, ლატვიაში ახლა რაკეტები დგას? არა.

- დღეს მოლაპარაკების მესამე შეხვედრა ჩატარდა, როგორ უყურებთ ამ შეხვედრებს?

- სკეპტიკურად, თუმცა, არმოლაპარაკებას მაინც მოლაპარაკება სჯობს. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რუსეთის ძირითადი მოთხოვნები - ყირიმის, დონბასის აღიარება - არასდროს მოხდება, ამიტომ მოლაპარაკებები ადვილი არ იქნება. შეიძლება ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასიც იყოს. მოსკოვში მუდმივად აცხადებენ, რომ სინამდვილეში ისინი ნატოს, ამერიკასა და დასავლეთს ებრძვიან, ამიტომ მოლაპარაკებები რეალურად ვაშინგტონთან მიმდინარეობს, რადგან პუტინისთვის მნიშვნელოვანია, მიაღწიოს ან ვერ მიაღწიოს შეთანხმებას ვაშინგტონსა და კოლექტიურ დასავლეთთან.

- თქვით, რომ მოლაპარაკებები პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება, ვისთვის?

- არა მოლაპარაკებები, არამედ მისი შედეგები, თუკი მხარეები კომპრომისებზე წავიდნენ. უკრაინელების 90 პროცენტზე მეტს ესმის, რომ პოზიციების დათმობა, უკრაინის დათმობას ნიშნავს, ამიტომაც ნებისმიერი კომპრომისი, პოლიტიკური თვითმკვლელობის ზღვარზე იქნება.

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე

- ჟურნალისტმა ხრისტო გრუზევმა ორ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მოთხოვნები, რომლებიც მოსკოვმა წამოაყენა: ზელენსკი რჩება პრეზიდენტად, მაგრამ პრემიერი იური ბოიკო იქნება; უკრაინა აღიარებს ყირიმის, დსრ-ისა და ლსრ-ის დამოუკიდებლობას და ნატოში შესვლაზეც უარს იტყვის. ფიქრობთ, რომ ეს რეალური მოთხოვნებია?

- უცნაურია, ბატონი ბოიკოს პარლამენტში დასმა არცთუ მარტივი ამბავია, არც თვითონ დათანხმდება და არც კრემლს სჭირდება რამეში. რაც შეეხება ყირიმისა და დონბასის დამოუკიდებლობის აღიარებას, ეს შეუძლებელია, მით უფრო ადმინისტრაციული ოლქების საზღვრებში. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი რუსეთისაა. რაც შეეხება ნატოს, ეს საერთოდ უაზრობაა. უკრაინა საფრთხეს არ წარმოადგენს. მშვენივრად შეიძლება მოილაპარაკონ, რომ გარკვეული სახეობის იარაღი უკრაინაში უბრალოდ არ განთავსდება. რა, ლატვიაში ახლა რაკეტები დგას? არა. ამ მითოლოგიას კრემლი საკუთარი პოზიციის შესალამაზებლად იყენებს.

- მაშინ რა კომპრომისებზეა მზად უკრაინა?

- ვფიქრობ, მთავარი ცეცხლის შეჩერებაა. ჩვენ ყოველდღე გვესვრიან, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

- ამის გამო უკრაინული დელეგაცია შეიძლება დათმობაზე წავიდეს?

- დათმობა და კომპრომისი ორი სხვადასხვა რამაა, როგორც ამას ოდესაში ამბობენ. კომპრომისი ძნელი მისაღწევია, დათმობა კი მართლაც შეიძლება. ყირიმისა და დონბასის აღიარება შეუძლებელია, ამასთან, ზეწოლის შედეგად მიღებული შეთანხმება საერთაშორისო სამართლის მიერ მაინც ბათილად ითვლება.

- რაც შეეხება ცის დახურვას, დასავლეთმა უკვე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არ მოხდება, ზელენსკი მაინც ითხოვს. ესეც ერთგვარი დიპლომატიური სვლაა?

- მოგვეცით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, სხვა მსგავსი ტექნიკა და თავადაც მოვახერხებთ დაცვას. სხვა არატრივიალური, პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც არსებობს, უბრალოდ პოლიტიკური ნება უნდა იყოს მათ ასამოქმედებლად. ახლა ბევრი ემოციაა, მაგრამ დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ რაც უნდა გაეკეთებინა 2008 წელს და არ გააკეთა, 2014 წელზე აისახა, რაც 2014 წელს არ გააკეთა - 2022 წელზე. შესაძლოა სხვა შემთხვევა უკვე აღარც იყის და პირდაპირ მსოფლიო ომი გაჩაღდეს, ეს ომი მთელ პლანეტას მოიცავს და აღარავინ იქნება სიცილის ხასიათზე.

- ევროკავშირმა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებების განხილვა დაიწყო ევროკავშირში შესვლის თაობაზე. ეს ახლა კიევს რაში სჭირდება?

- ეს ემოციურად არის მნიშვნელოვანი, უკრაინის, მისი ხელისუფლების მხარდასაჭერად. მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი გზა ევროკავშირისკენ მიდის. მაგრამ რუსეთთან ომის პირობებში, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ამ პროცესის თანდათან განხორციელებას მიემხრობა.

XS
SM
MD
LG