Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი წამლებისა და სამედიცინო პროდუქციის ექსპორტს კრძალავს


რუსეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყნიდან სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი. გადაწყვეტილებით რუსეთი აპირებს ხელი შეუშალოს სამედიცინო ბაზარზე დეფიციტს.

საუბარია მედიკამენტებსა და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციაზე, რომლებიც რუსეთში შედიოდა ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესეს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნიდან უცხოური სამედიცინო პროდუქციის ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

"საუბარია სამედიცინო მოწყობილობებსა და პროდუქციაზე, რომლებიც მოწოდებული იქნა სახელმწიფოებიდან, რომლებიც შეუერთდნენ სანქციებს და ახლა იმპორტიორების საწყობებშია ან საბაჟო პროცედურებს გადის. მთავრობის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის რუსეთში სამედიცინო მოწყობილობების დეფიციტს არამეგობრული სახელმწიფოების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების გამო", - აღნიშნულია დოკუმენტში.

რუსეთის მთავრობამ შეადგინა რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქვენების“ სია.

პუტინის ბრძანებულებით, რუსულ ორგანიზაციებს „არამეგობრული ქვეყნების“ კრედიტორებისადმი ვალის რუსულ რუბლში გადახდის უფლება მიენიჭებათ ან ცენტრალური ბანკისა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული „სხვა გზით“.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

XS
SM
MD
LG