კვირას საღამოს რუსულმა რაკეტებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში ალბანეთის საპატიო საკონსულო გაანადგურეს. ამის შესახებ გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ იუწყება საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელშიც ნათქვამია, რომ საკონსულოს თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.
უფრო ადრე, 1 მარტს, ხარკოვში, თავისუფლების მოედანზე რუსული ჯარების სარაკეტო დარტყმის შედეგად, სლოვენიის საკონსულოს შენობა დაზიანდა.
ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა დაგმო.
მანამდე რუსეთმა ალბანეთი, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, "არამეგობრული ქვეყნების" სიაში შეიყვანა. მოსკოვი სამ ქვეყანას კრემლის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს.
სიაში ასევე შედიან ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, იაპონია, შვეიცარია და ახალი ზელანდია.
27 თებერვალს ალბანეთი შეუერთდა ევროკავშირის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
დაწერეთ კომენტარი