Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი: რუსეთიდან და ბელარუსიდან ადამიანების მასობრივ შემოსვლაზე ინფორმაცია დეზინფორმაციაა


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რაზეც სოციალურ ქსელებში წერენ მოქალაქეები და საუბრობენ ოპოზიციონერი ლიდერები.

"მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი", - აცხადებენ სუსში.

გუშინ, 7 მარტს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა პანდემიამდე არსებული მონაცემების რაოდენობას უტოლდება.

ბოლო რამდენიმე დღეა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო და სანქციები დაწესდა, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობა. 6 მარტს სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდებოდა ფოტოები, რომლებშიც ასახული იყო ბანკომატებთან რიგები.

უკვე მეცამეტე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. უკვე დაიღუპა 30-ზე მეტი ბავშვი და ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG