საპატიმროში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ, კვლავ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, პროტესტი გამოხატონ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო და განაცხადა, რომ ომის მიმართ რუსების დამოკიდებულება დიდწილად განსაზღვრავს „რუსეთის ადგილს 21-ე საუკუნის ისტორიაში“.
კრემლის ოპონენტი, ნავალნი, რომელიც ორწელიწად-ნახევრიან სასჯელს იხდის თაღლითობაში ბრალდებისთვის, რაც მომხრეების და დასავლელი უფლებადამცველების აზრით, შეთითხნილია, 8 მარტს "ტვიტერით" წერს, რომ ომის წინააღმდეგ მრისხანება იზრდება რუსეთს შიგნით, ამიტომ „ანტისაომარი პროტესტი არ უნდა შეწყდეს არავითარ შემთხვევაში“.
„ერთი საქმეა, როცა პუტინი ხოცავს უკრაინის მოქალაქეებს და ანადგურებს სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას რუსეთის მოქალაქეების სრული მხარდაჭერით, მაგრამ სულ სხვაა, როცა პუტინის სისხლიან ავანტიურას საზოგადოებაში მომხრეები არ ჰყავს“, - წერს ნავალნი.
გასულ კვირაში ნავალნი საპროტესტო, ანტისაომარი გამოსვლებისკენ მოწოდებით გამოვიდა. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 13 500 ადამიანია დაკავებული რუსეთის ქალაქებში ანტისაომარ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო, იტყობინება არაკომერციული ორგანიზაცია ОВД-Инфо, რომელიც დაკავებებს უწევს მონიტორინგს.
დაწერეთ კომენტარი