Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას


ჯონ კირბი
ჯონ კირბი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ მიიღო პოლონეთის წინადადება მისთვის „მიგ-29“ ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ, უკრაინაში მათი შემდგომი გაგზავნის მიზნით, თუმცა, განაცხადა, რომ კონსულტაციებს გააგრძელებს.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გაუგებარია, არის თუ არა პოლონეთის წინადადება არსებითად დასაბუთებული. ამასთან, კირბიმ თქვა, რომ აშშ ამ საკითხის და მისი რთული ლოგისტიკური ასპექტების შესახებ კონსულტაციებს გააგრძელებს პოლონეთთან და სხვა ნატოელ მოკავშირეებთან.

პოლონეთის წინადადებას მოულოდნელი უწოდეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა 8 მარტს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ თვითმფრინავების გადაცემის საკითხზე წინასწარი კონსულტაცია არ ყოფილა.

8 მარტს, პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის ქვეყნის შეიარაღებაში არსებული "მიგ-29" ტიპის ყველა თვითმფრინავი გადასცეს აშშ-ს და ისინი დაუყოვნებლივ და უსასყიდლოდ განათავსოს გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. პოლონეთი მზად არის სანაცვლოდ შეიძინოს ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები.

სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 6 მარტს, მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ პოლონეთთან აქტიურად განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის საკითხს. უკრაინის არმიას ჰყავს რუსული თვითმფრინავების "მიგ-29"-ის და "სუ-25"-ის გამოცდილი პილოტები და არ აქვს ამერიკული ავიაგამანადგურებლების გამოყენების გამოცდილება.

უკრაინის ხელისუფლება დასავლეთისგან უშედეგოდ ითხოვს ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენისთვის დახურული ზონის შექმნას. ნატო უარს ამბობს იმ მოტივით, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შესაძლოა, შეფასდეს რუსეთისთვის ომის გამოცხადებად. უარის შემდეგ უკრაინამ ითხოვა საბრძოლო თვითმფრინავებით დახმარება.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს მონაცემებით, 8 მარტისთვის 2 მილიონს მიაღწია ლტოლვილების რიცხვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG