Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის კომიტეტმა საჭიროდ არ ჩათვალა ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით მოკვლევის ჯგუფის შექმნა


პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, რომლის სხდომაც სულ 10 წუთს გაგრძელდა, მხარი არ დაუჭირა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას, შექმნილიყო თემატური მოკვლევის ჯგუფი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ საკითხებზე. სხდომა დღეს, 9 მარტს, გაიმართა. საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს პეტიციით მიმართეს, სხდომაზე არ მიეცათ თავიანთი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება. კენჭისყრა ჯგუფის შექმნის შესახებ ისე ჩატარდა, რომ დებატები და მსჯელობა მუზეუმის საკითხზე არც დეპუტატებს გაუმართავთ.

"ორ თვეზე მეტი მოთმინებით ველოდებოდით, როდის გაიმართებოდა სხდომა, რომ გვქონოდა დეპუტატებისთვის კითხვის დასმის, მოსაზრების წარდგენის და მათი საქმის კურსში შეყვანის საშუალება. კომიტეტმა საკითხს დაუთმო წუთ-ნახევარი. ეს წუთ-ნახევარი დასჭირდა იმას, რომ დეპუტატებს აეწიათ ხელი და დათანხმდებოდნენ იმას, რომ საპარლამენტო მოკვლევის ჯგუფის საჭიროება არ არსებობს.

ასე დამთავრდა ჩვენი ორთვე-ნახევრიანი ლოდინი. ეს იყო ბოლო უწყება, რომელსაც ჩვენ ველოდებოდით. კულტურის სამინისტრო არის სრულიად ჩაკეტილი უწყება, რომლისგანაც ნებისმიერი ინფორმაციის მიღება არის შეუძლებელი. ხელოვნების მუზეუმი, მისი ისტორიული შენობა და იქ დაცული უნიკალური კოლექციები არის ფიზიკური განადგურების რისკის ქვეშ. ჩვენ ვსაუბრობთ მეოთხე კატეგორიის ავარიულობის სტატუსის მქონე შენობაში განთავსებულ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ამ ყველაფერს სამინისტრო პასუხობს დუმილით. ამ საკითხის მიმართ ასეთი მიდგომა არის დაუშვებელი", - თქვა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა, ეკა კიკნაძემ. მისი შეფასებით, თუკი საზოგადოება გააგრძელებს დუმილს ამ თემაზე, ხელოვნების მუზეუმში არსებული მდგომარეობა შეიძლება მისი განადგურებით დასრულდეს, რაც კატასტროფა იქნება.

"კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე არის მატყუარა, არცერთი კითხვა არ დაგვისვამს დღეს ჩვენ და რა იცის, ფორმატში ჯდებოდა თუ არა ჩვენი კითხვები.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე არის მშიშარა. ის დღეს გაიპარა სხდომიდან. ისე დაიწყო და დაამთავრა სხდომა, რომ დამსწრე საზოგადოებას არ მისცა მოსაზრების და კითხვის დასმის საშუალება.

როგორც ჩანს, ეს არის "ქართული ოცნების" ახალი სტილი და ახალი ფორმა, მათთვის არასასურველ საკითხებზე სხდომა ასე დაასრულონ. ჩვენ დოკუმენტურად გვქონდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ ამ თემატური ჯგუფის შექმნა აუცილებელია. ამის მიუხედავად, არც სიტყვა მოგვცეს, არც კითხვა დაგვასმევინეს, როცა კითხვა დასვა კომიტეტის თავმჯდომარემ, პოლიტიკური ცხვრებივით აწიეს ხელი და დაუჭირეს მხარი.

ის, რაც მოხდება ხელოვნების მუზეუმში და ის, რაც ხდება ეროვნულ მუზეუმში, ამაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება კულტურის მინისტრს და ახლა უკვე კულტურის კომიტეტს", - თქვა იურისტმა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილმა ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაციის გეგმა, რომელიც კულტურის მინისტრმა 2021 წლის ზაფხულში დაამტკიცა, უკვე ჩავარდნილია, ახალი გეგმა კი საზოგადოებისთვის სამინისტროს არ წარუდგენია, რაც კვლავ საფრთხის ქვეშ ამყოფებს როგორც ხელოვნების მუზეუმის ავარიულ შენობას, ისე მასში დაცულ ფონდებს.

პეტიცია, თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის მოთხოვნით, 2021 წლის 15 დეკემბერს შევიდა პარლამენტში და მას 685 მოქალაქე აწერს ხელს. ხელმომწერთა შეფასებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მუზეუმთა გაერთიანების არათანმიმდევრული, უკანონო მოქმედებების შედეგად, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობა და იქ დაცული კოლექციები საფრთხეშია. პეტიციაში აღნიშნულია, რომ გაურკვეველია, რა პრინციპით და ვისი მონაწილეობით მიმდინარეობს ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტირება და დაწყებულია თუ არა ეს პროცესი.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის თქმით, მოკვლევის ჯგუფის შექმნა არ არის საჭირო:

„კულტურის სამინისტრომ მოგვაწოდა მკაფიო პოზიცია კომიტეტის მიერ გაგზავნილ პირველ პეტიციაზე, სადაც დეტალურადაა აღწერილი ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ჩემი პოზიციაა, რომ პეტიციაში დაკავშირებულ თემებზე შესაძლოა გამოყენებული იქნას პარლამენტის წევრის შეკითხვა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს რეგლამენტის შესაბამისად, ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი პეტიციის შესწავლა და თემატურის ჯგუფის შექმნა“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ კომიტეტის სხდომაზე.

დეპუტატის კითხვების ეფორმატი საშუალებას აძლევს პარლამენტარებს, მიიღონ სხვადასხვა საჯარო უწყებიდან ინფორმაცია შემჭიდროებულ ვადებში, თუმცა პარლამენტის საიტზე არსებული კორესპონდენციები ადასტურებს, რომ წერილების მნიშვნელოვანი ნაწილი უპასუხოდაა დატოვებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG