Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მტერმა არ უნდა იცოდეს, რა მოელის“ - სიურპრიზები და სამხედრო თვითმფრინავების დილემა უკრაინაში


უკრაინის საჰაერო ძალების კუთვნილი MiG-29
უკრაინის საჰაერო ძალების კუთვნილი MiG-29

უკრაინისთვის MiG-29 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის საკითხი ისევ გადაუწყვეტელია. არსებობს სურვილი და განზრახვა, მაგრამ ნატოს ქვეყნებმა ვერ გამოინახეს უსაფრთხო გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის - უკრაინული ცის დასაცავად.

სისხლისმღვრელ ომში, რომელიც უკვე 14 დღეს ითვლის, რუსეთის საჰაერო თავდასხმები უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მიმართულებაა. სამხედრო თვითმფრინავებისა თუ სარაკეტო კომპლექსების ძლიერ შეტევებს უკრაინაში, სამხედროების გარდა, ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა და მათ შორის, როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, დაღუპულთა შორის უკვე 50-ზე მეტი ბავშვია.

ნატოს ქვეყნები უკრაინას იარაღით ეხმარებიან, თუმცა ბეწვის ხიდზე გადიან, რომ არ აღმოჩნდნენ რუსეთთან ომში ჩაბმული.

პოლონეთის "სიურპრიზი"?

პენტაგონი დაუსაბუთებლად და საფრთხის შემცველად მიიჩნევს პოლონეთის ინიციატივას, "MIG-29"-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე განთავსების შესახებ.

ვარშავის მიერ 8 მარტს გაცხადებული ინიციატივის თანახმად, პოლონეთი მზად არის უსასყიდლოდ დათმოს სამხედრო თვითმფრინავები, მაგრამ არ აპირებს ისინი პირდაპირ გადასცეს მეზობელ უკრაინას.

პოლონეთს აშშ-მ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე, პენტაგონის პრესმდივნის, ჯონ კირბის სახელით გამოქვეყნებული საგანგებო განცხადებით უპასუხა.

„პერსპექტივა იმისა, რომ „აშშ-ის ხელისუფლების განკარგულებაში არსებული“ სამხედრო თვითმფრინავები აფრინდნენ აშშ/ნატოს გერმანიის ბაზიდან და შევიდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში, რომელზეც დავობს რუსეთი, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მთელ ნატოში. ჩვენთვის არ არის ნათელი, არსებობს თუ არა ამისათვის არსებითი დასაბუთება“, - ვკითხულობთ კირბის განცხადებაში, რომელიც მან ტვიტერზეც გამოაქვეყნა.

წერტილი არაფერზე დასმულა და პენტაგონი აცხადებს, რომ გაგრძელდება კონსულტაციები ოლონეთსა და სხვა ნატოელ მოკავშირეებთან ამ საკითხსა და მისგან გამომდინარე რთულ ლოგისტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით“.

როგორც ჩანს, პოლონეთის ინიციატივის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემაზე მოლაპარაკებებს ვარშავასთან სწორედ ვაშინგტონი მართავდა.

„ვფიქრობ, ფაქტობრივად, ეს იყო მოულოდნელობა პოლონელების მხრიდან“, - თქვა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა 8 მარტს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

„პოლონეთი - ისინი სარგებლობენ ნატოს ალიანსის სრული საჰაერო უსაფრთხოებით... მთავარი საკითხია, შეფასდეს პოლონეთის გადაუდებელი საჭიროებები იმ კონტექსტში, რომ ის არის ამ კონფლიქტის უშუალო მეზობელი“, - ესეც ვიქტორია ნულანდის სიტყვებია, რომელსაც სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

8 მარტს, ასევე ცნობილი გახდა აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინის უშუალო მეზობელ პოლონეთში Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო ორი კომპლექსის განთავსების შესახებ. Patriot-ის შესაძლებლობებში შედის ახლო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების, საბრძოლო თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტების განადგურება.

ამერიკული სარდლობის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ემსახურება არა შეტევითი ოპერაციის მხარდაჭერას, არამედ პოტენციური აგრესიის შეკავებასა და შესაძლო საფრთხეებისგან თავდაცვას.

ამ ვითარებას დროში ასევე ემთხვევა, 9 მარტს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ჩასვლა რუმინეთსა და პოლონეთში, ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების მიზნით. ჰარისი, სავარაუდოდ, უკრაინის ცის დილემის გადაჭრასაც ეცდება.

პოლონეთის არაერთი უარი

ვარშავა უკვე კარგა ხანია ფრთხილობს, რადგან არ სურს პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან.

სამხედრო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის განზრახვა სხვადასხვა დროს ხაზგასმით და მკაფიოდ უარყვეს როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა. ასევე არაერთხელ აღინიშნა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის გამიზნულ თვითმფრინავებს არც აეროდრომს დაუთმობს, მაგრამ მეგობარ უკრაინას ბევრი სხვა გზით ეხმარება.

პოლონეთის მიერ 8 მარტს გახმოვანებული ინიციატივა, თავის მხრივ, მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას, რომელიც შეეხებოდა სწორედ პოლონეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებს - უკრაინისთვის გამიზნული თვითმფრინავების შესახებ. ენტონი ბლინკენმა ამის შესახებ 6 მარტს, ტელეკომპანია CNN-ის ეთერში ილაპარაკა.

მანამდე იყო კიდევ ერთი უშედეგო მოლოდინი

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის პირველი მცდელობა გეგმის ნაჩქარევად გახმაურების გამო ჩავარდა. ლაპარაკია პოლონეთის, სლოვაკეთისა და ბულგარეთის მიერ თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის გეგმაზე, რომლის შესახებ 27 თებერვალს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა ილაპარაკა.

გამოცემა POLITICO-ს მაშინ უკრაინის ხელისუფლებაში ისიც უთხრეს, რომ „რამდენიმე [უკრაინელი] პილოტი ჩავიდა პოლონეთში თვითმფრინავების მისაღებად, მაგრამ გარიგება ჩაიშალა“. პოლონეთთან ერთად, თვითმფრინავების გადაცემაზე დემონსტრაციული უარი თქვეს - ბულგარეთმა და სლოვაკეთმაც.


9 მარტს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის საგანგებო განცხადება საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შესახებ. მინისტრი თვლის, რომ ინფორმაციის წინასწარი გახმაურება აფერხებს დახმარების მიღებას.

„გთხოვთ, არ გაავრცელოთ ცნობები იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამა თუ იმ იარაღს აწვდის ჩვენს ქვეყანას. თავი შეიკავეთ ამ საკითხებზე კომენტარისგან. ამ თემებზე ლაპარაკის უფლება დაუტოვეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩინოვნიკებს.

მესმის ხალხის სურვილი, რომ გაავრცელონ კარგი ახალი ამბები, მაგრამ ზოგჯერ ეს ქმნის შედეგისთვის საზიანო საინფორმაციო ფონს. ამან შესაძლოა ჩვენს სამხედროებს გაურთულოს შესაძლებლობა მეტი დახმარების მიღებისა, რაც მათთვის საჭიროა. ამის გამო შესაძლოა უკრაინამ განიცადოს დანაკარგი, რომელთა აშორებაც შეგვეძლო და აუცილებლად უნდა ავიშოროთ!“, - წერია მინისტრის განცხადებაში.

რეზნიკოვი ასევე აცხადებს, რომ ყველა ღია ინფორმაცია, პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე, „ზუსტად და დროულად“ გამოქვეყნდება.

„მტერმა არ უნდა იცოდეს, რა მოელის. დაე, ეს იყოს უსიამოვნო სიურპრიზი მისთვის“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

ტექსტში არ არის დაკონკრეტებული, შეეხება თუ არა ეს მოწოდება თვითმფრინავებთან დაკავშირებულ ამბებს.

„ჩაკეტეთ ცა!“

უკრაინამ სამხედრო თვითმფრინავების მოთხოვნა აქტიურად დაიწყო მას შემდეგ, რაც მრავალჯერ უშედეგოდ მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის ფრენის აკრძალვის - ე.წ. ცის ჩაკეტვის მოთხოვნით.

უარის მიზეზი ნატოს წევრებმა ყოველ ჯერზე იმით ახსნეს, რომ ასეთ შემთხვევაში სამხედრო კონფლიქტში ჩაბმა მოუწევდათ რუსეთთან, რასაც ისინი არ აპირებენ.

„კიდევ რამდენ ხანს იქნება მსოფლიო თანამონაწილე ტერორის იგნორირებით? დახურეთ ცა ახლავე! შეაჩერეთ მკვლელობა! თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ“, - დაწერა ზელენსკიმ 9 მარტს, როცა, კიევის ცნობით, რუსეთის არმიამ ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო სახლი დაბომბა.

როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ასევე უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა თუ სამხედროებმა მრავალჯერ განუმარტეს ნატოს ქვეყნებს, რომ რუსეთის დაუნდობელი სისასტიკის შეჩერების ერთადერთ რეალურ გზას სწორედ ფრენის აკრძალვა წარმოადგენს.

8 მარტს, ჟურნალისტ დმიტრი გორდონის გადაცემაში ჩართვისას, უკრაინის არმიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები მასშტაბურ სამხედრო დახმარებას უწევენ უკრაინას და ბოლო პერიოდში რუსეთის საფრენი საშუალებების განადგურების მზარდი სტატისტიკაც გარკვეულწილად ამის დამსახურებაა, მაგრამ უკრაინელებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ისიც, რომ ნატოს ქვეყნებმა რუსეთს ცა არ ჩაუკეტეს.

10 მარტს თურქეთში უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი და ამ შეხვედრის შედეგებზეც არის დამოკიდებული, მოხერხდება თუ არა, თუნდაც დროებითი ზავის მიღწევა, რამაც უკრაინას ალყაშემორტყმული ქალაქების ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქების საშუალება უნდა მისცეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG