ევროკავშირი უკრაინაში ომის გამო სანქციებს უწესებს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის 146 წევრს, ასევე კრემლთან დაახლოებულ 14 ოლიგარქსა და ბიზნესმენს და მათი ოჯახების წევრებს. გარდა ამისა, ახალი შეზღუდვები ამოქმედდება კრიპტოვალუტის ბაზრისა და საზღვაო მიმოსვლის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საიტზეა განთავსებული.
რადიო თავისუფლებას საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა სანქციებში მოხვედრილ პირთა სიას, რომელიც უახლოეს ხანში გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
სიაში შედიან, Forbes-ის შეფასებით, რუსეთის უმდიდრეს ადამიანებს შორის მე-8, ანდრეი მელნიჩენკო, მილსადენების კომპანია TMK-ს მფლობელი დმიტრი პუმპიანსკი, „აეროფლოტის“ ხელმძღვანელი მიხაილ პოლუბოიარინოვი, ქიმიური მრეწველობის ჰოლდინგ PhosAgro-ს ხელმძღვანელი ანდრეი გურიევი, „ურალხიმის“ თანამფლობელი დმიტრი მაზეპინი და მისი ვაჟი ნიკიტა, „როსტელეკომის“ პრეზიდენტი მიხაილ ესევსკი, Vkontakte-ს ხელმძღვანელი ვლადიმირ კირიენკო და სხვები.
სენატორთაგან სანქციები დაუწესდათ იმათ, ვინც 22 თებერვალს ხმა მისცა ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკებთან“ რუსეთის მეგობრობის ხელშეკრულების რატიფიკაციას.
სანქციების გაფართოება შეზღუდავს გემებისთვის განკუთვნილი კავშირგაბმულობისა და ნავიგაციის სისტემების რუსეთში ექსპორტს, ასევე შეზღუდვებს დაუწესებს რუსეთის საზღვაო მიმოსვლის რეესტრს, რომელშიც რუსეთის რამდენიმე ათასი გემია რეგისტრირებული.
ახალი სანქციები შეეხება ბელარუსსაც. ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-იდან გაირიცხება ბელარუსის სამი ბანკი. ქვეყანაში აიკრძალება ევროების შეტანა ნაღდი ფულის სახით. შეზღუდვები უწესდება ბელარუსის ცენტრალურ ბანკს. ევროპის ბანკებში ბელარუსის მოქალაქეებისთვის იკრძალება 100 ათას ევროზე მეტი თანხის შეტანა.