საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ევროპირველობაზე სულ ათმა ქართველმა იჭიდავა და მათგან შვიდი ფინალში გავიდა. საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრება ოთხი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი შოთაძე (63 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ). ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ), დავით სოლოღაშვილმა (77 კგ) და ბექა გურულმა (82 კგ), ხოლო ბრინჯაო - გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ).
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 183 ქულა მოაგროვა და 27 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ თურქეთს.
ევროპის ჩემპიონატი რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების გარეშე გაიმართა, რომლებიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მოკვეთა შეჯიბრებიდან, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო.
11-13 მარტს ევროპის ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან და საქართველოს ნაკრებს ათივე წონით კატეგორიაში ეყოლება მონაწილე.
დაწერეთ კომენტარი