Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: ეთნიკურად ქართველები წერენ... „ჩემივე თანამოქალაქეს რუსი ვეგონე და თავს დამესხა ქუჩაშიო"


თეა წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ. მას მიაჩნია, რომ ეს ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. კულტურის მინისტრი ყურადღებას ამახვილებს „ქსენოფობიურ განცხადებებზე".

„დღეს რაიმე ტიპის რეალიზებადი საფრთხე, გნებავთ საფრთხეები, არ არსებობს. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში შემოდიან, შემოდიან კანონის ისეთივე მკაცრი წესების დაცვით, როგორიც მოქმედებდა მანამდე. ე.წ. ფილტრი თუ ფილტრები, რაც არსებობს საზღვარზე. შეგახსენებთ, რომ ამ კანონის ინიციატორი იყო იუსტიციის სამინისტრო, როდესაც მე გახლდით მინისტრი. არ ვიცი, რა არ მომხვდა თავში მათი მხრიდან, როდესაც აკრიტიკებდნენ ამ კანონს და მასთან ერთად მეც. ეს კანონი შემუშავებულია პოლიციასთან და შესაბამის სასაზღვრო უწყებებთან ერთად. ეს კანონი არის ძალიან კარგი გარანტია იმისთვის, რომ ვინც არ არის კეთილი განზრახვით მოსული საზღვართან, ის ვერ შემოდის. ვინც შემოდის, ის არავითარი პრობლემის მატარებელი არ არის. არც სტატისტიკა არ აჩვენებს, რომ რამე ტიპის მატებაა. საშინელება ხდება ამ დღეებში, ყველამ დაიწყო ეთნოსზე და ეროვნებაზე საუბარი. წარმოუდგენელი რამ ხდება. ეთნიკურად ქართველები წერენ, რომ მე ეთნიკურად ქართველი ვარ, მაგრამ არ მაქვს ტრადიციული კავკასიური გარეგნობა, ჩემივე თანამოქალაქეს რუსი ვეგონე და თავს დამესხა ქუჩაშიო. ეს არის წარმოუდგენელი რამ. იყო ასევე შემთხვევები, რომ თავს დაესხნენ ომის პარტიის მიერ წაქეზებული, ან მათი პარტაქტივი და აღმოჩნდა, სულაც უკრაინელია. აქედან გამომდინარე, ფობიები გვერდზე უნდა გადავდოთ, ეს არის სირცხვილი და უნდა იპოვოს ამ პარტიამ თავის თავში ძალა, რომ ეს ქსენოფობიური განცხადებები შეწყვიტოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ხელისუფლების ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ანუ 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთიდან საქართველოში 20 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანია შემოსული. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2019 წელს ამავე პერიოდში საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა რუსეთის 40 ათასამდე მოქალაქემ.

„ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე კი ირწმუნება, რომ ბოლო ორ კვირაში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა 200-მდე ადამიანს. მისი სიტყვებით, „თეორიული რისკებიც კი დაზღვეულია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG