Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და რუსული არმიის მხარდამჭერი აქცია გამართეს


სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც, აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მხარდაჭერას უცხადებდნენ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ე.წ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე "მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად", ისევე როგორც უკრაინის „დენაციფიკაციას“ და „დემილიტარიზაციას“.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები „ერთიანი არიან აფხაზურ-რუსული ურთიერთობების განვითარების საკითხში“.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენი მეგობრისა და მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის მხარდასაჭერად. ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად რთული იყო რუსეთის ხელმძღვანელობისთვის და პირადად ვლადიმირ ვლადიმიროვიჩისთვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება“, - განაცხადა მან.

საერთაშორისო თანამეგობრობა უკიდურესად აგრესიულად რეაგირებს რუსეთის ქმედებებზე. მინდა ვიკითხო, სად იყვნენ სამართლიანობისთვის ეს მგზნებარე მებრძოლები, როცა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობა იტანჯებოდა? ეს სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკისა და ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით დაგეგმილი გაფართოების დადასტურება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან, მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხეა“, - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, უკრაინა „გადაიქცა ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც ე.წ. კოლექტიური დასავლეთი იმპერიალიზმის პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს უნიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას“.

ბჟანიამ ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზეც და თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე რუსეთი „სიმართლეს აგებინებდა“ ყველას.

ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმ დღეს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ აღიარა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, - განაცხადა ბჟანიამ და დასძინა: „ამ დღეებში ვდგავართ რუსს ხალხთან“.

ოპოზიციური გაერთიანება „არუაას“ ლიდერის, ტიმურ გულიას თქმით, 2008 წელს „რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების წყალობით, მოძმე ოსი ხალხი გადაურჩა ფიზიკური განადგურებას“.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ქალაქებისა და სოფლების ნაცვლად, ქართველ ნაციონალისტებს გადამწვარი მინდვრის დატოვება სურდათ. სააკაშვილს, კიევის რეჟიმის მსგავსად, ხალხი არ სჭირდებოდა, მათ სჭირდებათ ტერიტორიები“, - განაცხადა გულიამ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის "დამოუკიდებლობის" აღიარების დოკუმენტებს ხელი 25 თებერვალს მოაწერა.

10 მარტს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა მოაწერა ხელი ბრძანებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა". საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. 2 მილიონს აჭარბებს ლტოლვილების რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG