Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: პუტინი აგრესორია და მან უნდა გადაიხადოს საფასური


„ვლადიმირ პუტინი აგრესორია და მან ამისთვის უნდა გადაიხადოს საფასური. მან არ უნდა განაგრძოს ეს ომი, რომელიც თავად საერთაშორისო წესრიგისა და სტაბილურობის არსებით საფუძვლებს ემუქრება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც 11 მარტს სპეციალური მიმართვა გაავრცელა ახალი სანქციების შესახებ. კერძოდ, რუსეთი ვეღარ ისარგებლებს უპირატესი კეთილდღეობის ქვეყნის სტატუსით, გაძლიერდება სანქციები პუტინისა და მისი მხარდამჭერი ოლიგარქების წინააღმდეგ, მათ ხელთ არსებული ქონების კონფისკაციის ჩათვლით; ამასთან მომავალში რუსეთი ვეღარ შეძლებს კრედიტების აღებას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, როგორებიც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.

რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გაძლიერებასთან ერთად, აშშ და მისი მოკავშირეები გაზრდიან უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებას.

“გუშინ სენატმა მიიღო ორპარტიული კანონი ფედერალური ხარჯების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კიდევ 13 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას უკრაინისთვის და მე მას დაუყოვნებლად მოვაწერ ხელს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს საჭირო შეიარაღება იმისათვის, რომ დაიცვას თავი რუსეთის ინტერვენციისგან“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ არ აპირებს იომოს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. „პირდაპირი კონფრონტაცია რუსეთსა და ნატოს შორის მესამე მსოფლიო ომს მოასწავებს, რომელიც ჩვენ ყველანაირად უნდა ავიცილოთ თავიდან“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე ვეღარასოდეს მიაღწევს გამარჯვებას.

  • რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

  • პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. 2 მილიონს აჭარბებს ლტოლვილების რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG