დილიდან საჰაერო განგაშის ხმა ისმის კიევსა და კიევის ოლქში, ლვოვში, ზაპოროჟიესა და ოდესაში. ინფორმაციას ბიბისის უკრაინული სამსახური ავრცელებს.
საფრთხის შესახებ ატყობინებს განგაშის ხმა ასევე ჟიტომირის, ივანო-ფრანკოვსკის, ტერნოპოლის, სუმის, ხმელნიცკის, პოლტავას, ვინიცკის, დნეპრისა და კიდევ რამდენიმე ოლქის მოსახლეობას.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 70-ზე მეტი ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი.