უკრაინაში, ქალაქ ჩერნიგოვის ცენტრში, 12 მარტის ღამეს, სავარაუდოდ, საჰაერო დაბომბვის შედეგად სასტუმრო „უკრაინა“ დაინგრა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
სასტუმრო „უკრაინა“, რომელიც 90 ნომრისგან შედგებოდა, 1961 წელს აშენდა.
ღამით განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად, ჩერნიგოვში დაინგრა საბავშვო ბიბლიოთეკა და კლუბ „დესნას“ საფეხბურთო არენა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 70-ზე მეტი ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი.
დაწერეთ კომენტარი