Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის რადის თავმჯდომარეს მიმართავს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს.

წერილში შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ბრალდება საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

„თქვენს მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის მომზადებულ ვიდეო-მიმართვაზე პასუხად, გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა და საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა აერთიანებთ. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ხედვას ჩვენი ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. 1990-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ - 2008 წელს, საქართველომ საკუთარი სისხლის ფასად პირველმა გამოსცადა რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია.

ათწლეულებია გრძელდება რუსული ოკუპაცია, რომელსაც ჩემი ქვეყნისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ყოველდღიურად ტრაგიკული შედეგები მოაქვს. დღეს კი უკრაინაში ვართ მომსწრე რუსეთის კიდევ ერთი სრულმასშტაბიანი აგრესიის.

საქართველო ყოველთვის გამოხატავდა ერთგულებას ჩვენი მოძმე უკრაინისადმი, განსაკუთრებით, 2014 წელს რუსეთის მიერ თქვენ წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. ამ ისტორიულმა უსამართლობამ ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა.

სწორედ ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ თქვენი დახმარებისთვის, ომისა და აგრესიის შეჩერებისა და ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩვენი საერთო მომავლის გზაზე დაბრუნებისთვის“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველო პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით უკრაინის მხარდაჭერის წინა ხაზზე დგას:

„ჩვენ თქვენ გვერდით ვიდექით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის შეჭრის დაგმობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში - რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მოწოდების თანაავტორობით, ევროპის საბჭოში - რუსეთის მონაწილეობის შეჩერების მხარდაჭერით. ამიტომ გულდაწყვეტილები ვართ, რომ პოლიტიკურმა სპეკულაციებმა და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა, ჩრდილი მიაყენა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერას და სოლიდარობას“.

7 მარტს უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი გამოეხმაურა რუსეთის მიერ ქართული რძის მწარმოებელი კომპანიებისთვის სანქციების შემსუბუქებას და საქართველოს მთავრობას მიმართა.

სტეფანჩუკმა ამის შესახებ ვიდეომიმართვა ჩაწერა:

„გამარჯობა, გენაცვალე! – ჩემს ქართველ კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან ყოველთვის ასე მივმართავდი. როგორ მოხდა, გენაცვალე, რომ დღეს, როცა რუსეთმა თქვენი მოძმე ერის, უკრაინის წინაღმდეგ ომი გააჩაღა, თქვენ ამ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების დაწყება გადაწყვიტეთ, რომელიც ორივეს, თქვენც და ჩვენც, თავს დაგვესხა? რუსეთის მიერ ქართულ პროდუქციაზე სანქციების შემსუბუქება შეიძლება იყოს თუ არა მადლიერების ფორმა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილების გამო, რომელიც უკრაინას სრულ მხარდაჭერას არ უცხადებს? რძის მწარმოებელი 15 ქართული კომპანიისთვის შეზღუდვების მოხსნა ღირს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად, ჩვენს ერთობლივ მრავალწლიან ბრძოლად, ჩვენს ორმხრივ მისწრაფებებად?“

ინფორმაცია ქართული პროდუქტების რუსულ ბაზარზე გატანის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა სახელმწიფო სტრუქტურებზე დაყრდნობით. 5 მარტს სააგენტო „ტასმა“ დაწერა, რომ რუსეთი ქართული რძის საწარმოებს სთავაზობს პროდუქტის ექსპორტზე გატანას რუსულ ბაზარზე.

საქართველოს „სურსათის ეროვნულ სააგენტოში“ დაადასტურეს მოლაპარაკებების არსებობა რუსულ მხარესთან ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესახებ, თუმცა აღნიშნეს, რომ საქართველო რუსეთთან 2020 წლიდან მუშაობს ამ საკითხზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG