Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: დაჭრილი რუსი ჯარისკაცებისთვის არ ჰყოფნით სისხლის მარაგი


უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ღამის განმავლობაში არ შეცვლილა თავდაცვის ძალების მოქმედებათა მდგომარეობა და ხასიათი. უწყების ხელთ არსებული ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე დაჭრილი რუსი სამხედროების დიდი ნაწილი ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებშია განთავსებული და კლინიკებს "არა აქვთ ქირურგიული ოპერაციებისთვის საჭირო სისხლის მარაგი“.

„ბელარუსის მოქალაქეებისთვის არსებული რეზერვის 2/3 უკვე გადაგზავნილია რუსი სამხედროებისთვის. გააქტიურებულია სისხლის ჩაბარების კამპანია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და მოქალაქეებისთვის“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცების დანაკლისის შესავსებად რუსეთში ახალი შენაერთების ფორმირებას ცდილობენ და დაგეგმილია 1500 სამხედროს მობილიზება საზღვაო ქვეითთა მე-40 განცალკევებული ბრიგადის საწყობიდან.

„მტერი განაგრძობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენებას სამხედრო მიზნებისთვის. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით ხდება შენაერთებისა და ტექნიკის განთავსება მაღალი საფრთხის შემცველ ობიექტებზე. ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს, უკანონოდ ათვალიერებენ მათ პირად ნივთებს და ჩხრეკენ ადგილობრივებს“, - ვკითხულობთ სამინისტროს მერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

12 მარტს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ რუსეთის ქვეითი ძალების დიდი ნაწილი კიევის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იმყოფებოდა. ამავე წყაროს ცნობით, ალყაში რჩებოდა ქალაქები - ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი და მარიუპოლი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 12 მარტის ღამეს, ქალაქ ჩერნიგოვისა და ნიკოლაევის მისამართით რუსი სამხედროები ზალპური ცეცხლის სისტემიდან, „სმერჩიდან“ ისროდნენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება.

რუსეთის არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა, ორივე მხარეს, უკვე იმსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG