Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი და ბაიდენი შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე


საფრანგეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ემანუელ მაკრონი და ჯო ბაიდენი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ელისეს სასახლე იუწყება მაკრონსა და ბაიდენს შორის 13 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.

პრეზიდენტები შეთანხმდნენ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასა და საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად ერთობლივ ინიციატივებზეც.

ელისეს სასახლის ცნობითვე, ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ ემანუელ მაკრონი ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და გააცნო ევროკავშირის დამატებითი დახმარების დეტალები.

უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტებთან საუბრის წინ, 12 მარტს, საფრანგეთის პრეზიდენტი ელაპარაკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა რაოდენობა 4.5 მილიონს აჭარბებს.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს. დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG