Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ რეგიონებში საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფების წვრთნები მიმდინარეობს


რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის პოლიგონებზე ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ასევე სომხეთში და ასტრახანის მხარეში სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება.

„საწვრთნელი ეტაპის განმავლობაში არტილერისტებს მოუწევთ ტაქტიკური, სპეციალური და ტექნიკური მომზადება, სამხრეთ სამხედრო ოლქის საარტილერიო ნაწილებს მოუწევთ საცეცხლე მისიების განხორციელება, რათა გაანადგურონ წარმოსახვითი მტრის სამიზნეები 2-დან 15 კმ-მდე მანძილზე როგორც პირდაპირი დამიზნებით, ასევე ფარული საცეცხლე პოზიციებიდან სხვადასხვა საბრძოლო მასალის გამოყენებით“, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სწავლებაში მონაწილეობს სამხრეთ სამხედრო ოლქის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ჩართულია 300-მდე შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის „აკაციას“ თვითმავალი ჰაუბიცები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. რეაქტიული საარტილერიო დანადგარი „გრადი“, ტრანსპორტირებადი ნაღმტყორცნები „სანი“ და ა.შ.

ცხინვალში, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აზრით, მომზადების შემდეგ სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებს უკრაინაში გადაისვრიან, სადაც რუსეთის არმია შეიჭრა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე.

XS
SM
MD
LG