Accessibility links

site logo site logo

მთავრობა მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი


„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ვრცელ განცხადებას აქვეყნებს 14 მარტს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შესახებ და აცხადებს, რომ იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.

პოლიტსაბჭოს განცხადებით, „აშკარაა, რომ მისი [პრეზიდენტის] სურვილია იმოქმედოს კონსტიტუციის მიღმა“:

„გუშინდელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა შემოგვთავაზა მთელი რიგი ახალი თამაშის წესები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება. აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. თუმცა, პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.

გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“.

14 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედების ფონზე, მას საჭიროდ მიაჩნდა საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკითხის განხილვა, თუმცა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და არაოფიციალურ ფორმატში ვიზიტები მაინც განახორციელა.

15 მარტს, პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტები კონსტიტუციის დათქმის დარღვევითა და საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა:

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია“.

პოლიტსაბჭო მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი „კონსტიტუციას ვერ კითხულობს“ ან „კონსტიტუციის გადაწერას ცდილობს:

„მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა“, - წერია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

პრეზიდენტის განცხადებას 14 მარტსვე გამოეხმაურა მოკლე კომენტარით ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და თქვა: „ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია და მაგაში გავერკვევით“.

ასევე ნახეთ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG