Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დაელოდეთ ტვირთ 200-ს“. ინტერვიუ რუსი ჯარისკაცის ოჯახთან


უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურე ილია ვასილენკო თავის დასთან, დარია ზიგანშინასთან ერთად
უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურე ილია ვასილენკო თავის დასთან, დარია ზიგანშინასთან ერთად

ციმბირი მეორე კვირაა უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების კუბოებს იღებს. რადო თავისუფლების რუსულმა რედაქციამ მოახერხა ჩაეწერა ინტერვიუ უკრაინაში მოკლულ რუსეთის ფედერაციის არმიის 21 წლის კონტრაქტორის, ილია ვასილენკოს დასთან.

2 მარტის საღამოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა პირველად გამოაცხადა დაღუპული და დაჭრილი იმ რუსი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობდნენ ე.წ. უკრაინის სპეცოპერაციაში: 498 - დაღუპული, 1597 - დაჭრილი.

უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროს, ილია სემენოვის დაკრძალვა. 5 მარტი. ბურიატია
უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროს, ილია სემენოვის დაკრძალვა. 5 მარტი. ბურიატია

ამის შემდეგ ციმბირის რეგიონების ხელმძღვანელებმა საჯაროდ დაიწყეს საუბარი დაღუპულ სამხედროებზე. ჯერ ბურიატიის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ალექსეი ციდენოვმა გამოაცხადა რვა დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შესახებ, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ 6 მარტს, ამ რესპუბლიკიდან კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, გვარდიის საჰაერო სადესანტო ბრიგადის მეთაური, დენის გლებოვი დაიღუპა. იმავე დღეს ამიერბაიკალის მხარეში დაკრძალეს ილია ბულდინი, რომელიც ასევე „სპეციალური ოპერაციის დროს დაიღუპა“.

მშობლიურ ირკუტსკის ოლქში ცოცხალი ვერ დაბრუნდნენ 27 წლის ნიკოლაი შუმიცკი (ირკუტსკიდან, მსახურობდა ცალკეულ სატანკო ბატალიონში ჩეჩნეთში, შემდეგ - ყირიმში), რომან ლაზარევი (ჩერემხოვოდან) და ალექსეი შანაროვი (სოფელ ზაკულეიდან, ნუკუტსკის რაიონი).

ილია ვასილენკო, უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურე
ილია ვასილენკო, უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურე

9 მარტს ირკუტსკის რაიონის სოფელ ჩუნსკის მცხოვრებლებმა მიწას მიაბარეს 21 წლის ჯარისკაცის, ილია ვასილენკოს ცხედარი.

2022 წლის იანვარში მას 21 წელი შეუსრულდა. სწავლობდა ტექნიკურ სკოლაში შემდუღებლად, მერე კი ჯარში გაიწვიეს. ვალის მოხდის შემდეგ კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა. მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, მოტომსროლელთა დივიზიაში. ილია ნაშვილები იყო და მიმღებ ოჯახში გაიზარდა.

„ილია ღვიძლი ძმა არ არის, 3 წლის იყო, ჩვენს ოჯახში რომ მოიყვანეს, - ამბობს გარდაცვლილის და, დარია ზიგანშინა, - ორი ღვიძლი და-ძმა დარჩა. საერთოდ, ჩვენს ოჯახში 8 ბავშვი იზრდებოდა“.

- რატომ წავიდა საკონტრაქტო ჯარში?

- ოჯახში სამხედროები არასოდეს გვყოლია, მხოლოდ ბიძა და ძმაა, ისინიც პოლიციაში მსახურობდნენ. ილიამ სიამოვნებით მოიხადა სავალდებულო სამსახური, ეგონა, რომ ეს საშუალებას მისცემდა, მოგვიანებით კარგ სამსახურში მოწყობილიყო, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა აღარ დაბრუნებოდა სამოქალაქო ცხოვრებას და ხელშეკრულება გაეფორმებინა. დარჩა ხაბაროვსკში, სადაც მისი სამხედრო ნაწილი იდგა.

ილია ვასილენკო
ილია ვასილენკო

ოჯახი ამაყობდა მისით, ყოველთვის ითვლებოდა, რომ ჯარისკაცობა საამაყო იყო. ჩვენი მამა დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილ მამაკაცს ჯარი უნდა ჰქონოდა მოვლილი. მაგრამ ჩვენ არასოდეს გვიფიქრია, რომ ილიას რეალურად მოუწევდა ბრძოლა. თვითონაც არაკონფრონტაციული ბიჭი იყო. ჩვეულებრივ ამბობდა ხოლმე, რომ ნებისმიერი დავა შეიძლება მოგვარდეს დიალოგით, ჩხუბისა და ომის გარეშე.

- არ გაგიკვირდათ, როცა გაიგეთ, რომ ის „უკრაინაში სპეცოპერაციაში“ მონაწილეობდა?

- არავინ იცოდა ამის შესახებ. იანვრის დასაწყისში გვითხრა, რომ სწავლებებზე იყო წასული. იქიდან გვირეკავდა, გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ არ უნდა გვენერვიულა, რომ უბრალოდ უკრაინის საზღვარზე იდგნენ. ბოლოს ჩემს ძმას 23 თებერვალს დავუკავშირდით, ვიდეოზარით. გვითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და, რომ ზაფხულში აპირებდა შვებულების აღებას და სახლში ჩამოსვლას. ოცნება ჰქონდა - შვებულების დედ-მამასთან გატარება, მაგრამ არ დასცალდა.

"ფული ვერ დაგვიბრუნებს ჩვენს ბიჭს"

დარია იხსენებს, რომ ოჯახმა ილიას გარდაცვალების შესახებ შეიტყო რუსეთის ფედერაციაში ჯარების უკრაინაში შეჭრიდან ორი დღის შემდეგ - 26 თებერვალს.

უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცი, ილია ვასილენკო
უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცი, ილია ვასილენკო

„სამხედრო კომისარიატიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩვენი ბიჭი უკრაინაში დაიღუპა. "დაელოდეთ ტვირთ 200-ს". ჩვენ დღემდე არ ვიცით, როგორ დაიღუპა ის. ერთსა და იმავეს გვიმეორებენ: "დაიღუპა სამხედრო მოქმედებების დროს".

„ილიას გარდაცვალება დიდი დარტყმა იყო დედისა და მამისთვის”, - ამბობს დარია. დააჯილდოვეს „მამაცობის ორდენით“ სიკვდილის შემდეგ, მაგრამ არავის, მამასაც კი, რა თქმა უნდა, ეს უკვე აღარ ახარებს.

- ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები, სადაზღვევო ანაზღაურების სახით, 7 მილიონ რუბლზე მეტ თანხას მიიღებენ. რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე?

- არ ვფიქრობთ არანაირ ფულზე. რა ფულზე შეიძლება იყოს საუბარი? ახლა მხოლოდ პატიებას ვთხოვთ ილიას იმის გამო, რომ ვერ გაუფრთხილდით. რა არის ეს ფული ჩვენთვის? ფული ჩვენს ბიჭს ვერ დააბრუნებს.

XS
SM
MD
LG