Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მეოთხე პაკეტის შემოღებაზე


ვროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელი.

ევროკავშირის ლიდერთა 10-11 მარტის არაფორმალური სამიტის შემდეგ, ბლოკმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური და სექტორული სანქციების მეოთხე პაკეტის შემოღებას ითვალისწინებს, მოსკოვის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის გამო.

„გამომდინარე იქიდან, რომ გრძელდება პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, იზრდება ჩვენი სიმტკიცეც, დავუჭიროთ მხარი უკრაინას და მივაყენოთ დარტყმა კრემლის სამხედრო მანქანის დაფინანსებას. სანქციათა მეოთხე პაკეტი წარმოადგენს სერიოზულ დარტყმას იმ ეკონომიკურ და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე, რომელსაც უკრაინაში ინტერვენციის დროს ეყრდნობა რუსეთი. სანქციების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეწყვიტოს ეს არაადამიანური და უაზრო ომი“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის უზენაესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

ახალი სანქციების მიხედვით აიკრძალება:
• კრედიტუნარიანობის შეფასების ნებისმიერი სერვისის მიწოდება, აგრეთვე ნებისმიერი სააბონენტო მომსახურების ხელმისაწვდომობა სარეიტინგო საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერი რუსული ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის;
• გაფართოვდება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებული პირების სია, რომლებიც ექვემდებარებიან ორმაგი დანიშნულების საქონლის და მომსახურებისა და ტექნოლოგიების მკაცრ საექსპორტო შეზღუდვებს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას;
• აიკრძალება ახალი ინვესტიციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში, ასევე შემოიღებენ ყოვლისმომცველ შეზღუდვებს ენერგეტიკის ინდუსტრიისთვის აღჭურვილობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების ექსპორტზე;
• დამატებითი შეზღუდვები დაუწესდება რკინისა და ფოლადის ვაჭრობას, ასევე ფუფუნების საქონელს.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესეს. შეზღუდვები შეეხო ცენტრალურ ბანკს და მსხვილ რუსულ ბანკებს, საავიაციო ინდუსტრიას, ასევე რუსეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პირადად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ბიზნესმენებსა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამართლებენ რუსეთის ქმედებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG