Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნონა მამულაშვილი უმრავლესობას: პირბადეებით უჭერთ მხარს უკრაინას, საქმით - რუსეთს


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტარი ნონა მამულაშვილი მმართველ პარტიას აკრიტიკებს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გამოხატული პოზიციების გამო. მან კრიტიკისთვის პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენა და გამოსვლის დროს ახსენა თავისი პარტიის ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

"სამწუხაროდ თქვენ სიტყვით და პირბადეებით უჭერთ მხარს უკრაინას, მაგრამ საქმით თქვენ აღმოჩნდით რუსეთის მეგობარი ქვეყნების სიაში. თქვენ ლანძღავთ უკრაინის პრეზიდენტს და ეძახით მას ნაციონალს და გეშინიათ პუტინის სახელის ხსენება. უყურებთ, როგორ იხოცებიან უკრაინელი ბავშვები და რუსული ყველის ბაზარზე ოცნებობთ. მთელი მსოფლიო რუსეთისკენ იშვერს ხელს და 2008 წლის ომში უმოქმედობის გამო საქართველოს ბოდიშს უხდის და ამასობაში თქვენ საკუთარ ქვეყანას აბრალებთ ომის დაწყებას.

მსოფლიო მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობს უთანასწორო ბრძოლაში უდიდესი გაწეული შრომის გამო, თქვენ ეს ადამიანი პატიმრობაში გყავთ. ევროკავშირში გაწევრიანებაზე გვესაუბრებით და მსოფლიოს სანქციებს არ უერთდებით", - თქვა მამულაშვილმა.

უკვე მეოცე დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

XS
SM
MD
LG