რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვმა ვაშინგტონისგან მიიღო გარანტიები თეირანთან ვაჭრობის წარმოების შესაძლებლობაზე. ამის შესახებ AFP იტყობინება.
ლავროვმა განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც მოსკოვში მოლაპარაკებები გამართა თავის ირანელ კოლეგასთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან.
ვენაში ათ თვეზე მეტ ხანს მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ახლოს არიან ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეული შეთანხმების განახლებასთან.
მოლაპარაკებები შეწყვეტილი იყო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლეთისგან მოითხოვა გარანტიები, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ მისთვის დაწესებული სანქციები არ დააზარალებდა რუსეთის ვაჭრობას ირანთან.
ლავროვმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ წერილობითი გარანტიები, რომლებიც მოსკოვმა მიიღო აშშ-ისგან, დაიცავს რუსეთის მონაწილეობას ირანის ერთადერთი ბირთვული ობიექტის, ბუშერის რეაქტორის საქმიანობაში.
2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანისთვის სანქციების გაუქმებას და სანაცვლოდ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას გულისხმობდა. შეთანხმება 2018 წელს ცალმხრივად დატოვა აშშ-მა და სანქციები განუახლა თეირანს. შეთანხმების ხელმომწერმა მხარეებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შარშან კვლავ განაახლეს მოლაპარაკებები, რომლებშიც აშშ-ც მონაწილეობს არაპირდაპირი გზით. მოლაპარაკებები მიზნად ისახავს 2015 წლის შეთანხმებისთვის სულის შთაბერვას.