გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ირწმუნება, რომ დღეისათვის საქართველოში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტი არ არის.
მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, ზოგიერთი რეგიონის სავაჭრო ქსელებში პროდუქციის მიწოდების შეფერხება კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია:
„დღეისათვის საქართველოში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტი არ არსებობს. რეგიონში რთული ვითარების მიუხედავად, აუცილებელია, რომ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდება შენარჩუნდეს. ამისთვის მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ კერძო სექტორთან - იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, რათა ხელი შევუწყოთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებაში, პროდუქციის იმპორტის შეუფერხებელ განხორციელებასა და მარაგების უწყვეტ შევსებაში“.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უახლოეს დღეებში, საავტომობილო გზებზე უამინდობის გამო შექმნილი ვითარების გამოსწორების შემდგომ, ქვეყანაში შემოვა პირველადი საჭიროების სხვადასხვა პროდუქციის (ზეთი, მაკარონი, წიწიბურა, ცხიმები და ა.შ) მორიგი პარტია.
ბოლო დღეებია, სასურსათო მაღაზიებსა თუ ქსელურ მარკეტებში, გარკვეულ პროდუქტზე დეფიციტი შეიქმნა.
მოსახლეობაში გაჩნდა შიში, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ქვეყანაში საკვები პროდუქტის ზოგიერთი სახეობა რუსეთიდან და უკრაინიდან ვეღარ შემოვიდოდა ან გაძვირებული ფასებით გაიყიდებოდა და ამიტომ მოსახლეობის ნაწილმა მარაგების გაკეთება გადაწყვიტა, რამაც, მაგალითად, შაქრის, ფქვილისა და ზეთის დახლებიდან გაქრობა გამოიწვია.