Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიზიტის მიზანი, საქმიანობა… როგორ ამოწმებს რუსეთის მოქალაქეებს სუს-ი


რუსეთის მოქალაქეები ომის საწინააღმდეგო აქციაზე. თბილისი, საქართველო. 12 მარტი, 2022.
რუსეთის მოქალაქეები ომის საწინააღმდეგო აქციაზე. თბილისი, საქართველო. 12 მარტი, 2022.

ირინა სნეგოვსკაია თბილისის ერთ-ერთ ჰოსტელში რამდენიმე საათის დაბინავებული იყო, როცა მას, როგორც რუსეთის მოქალაქეს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მიაკითხეს.

„ხელები გამიოფლიანდა და ცოტა ამიკანკალდა. როგორც ადამიანს რუსეთიდან, ასეთ სიტუაციებში კარგის მოლოდინი არ მაქვს ხოლმე. დაინახეს ჩემი შეშინებული თვალები და დამამშვიდეს - ყველაფერი რიგზეა, მხოლოდ რამდენიმე კითხვას დაგისვამთო“, - იხსენებს სნეგოვსკაია რადიო თავისუფლებასთან.

ირინა ვიდეორედაქტორი იყო რუსეთის დამოუკიდებელ მედია „დოჟდზე“, რომელმაც ხელისუფლებისგან შევიწროების გამო ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მაუწყებლობა შეწყვიტა. ირინა ერთ-ერთია რუსეთის ათიათასობით მოქალაქეს შორის, რომელმაც პუტინის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ქვეყანა დატოვა.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, საქართველოში რუსეთის 20-25 ათასამდე მოქალაქე ჩამოვიდა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსი მიგრანტების ნაკადი არ განსხვავდება ქვეყანაში გასულ, არაპანდემიურ წლებში შემომსვლელთა რაოდენობისგან.

საქართველოში უძრავ ქონებაზე რუსეთის მოქალაქეების მზარდი მოთხოვნის პარალელურად, ქართულ საზოგადოებაში მოიმატა მღელვარებამ, პოტენციურ საფრთხეებთან დაკავშირებით.

სახელი, გვარი, საქმიანობა… რას ფიქრობთ უკრაინაზე?

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ბოლო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულებით დაინტერესდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. ამ უწყების თანამშრომლები მიდიან ჰოსტელებსა და სასტუმროებში, სადაც რუსეთის მოქალაქეები ეგულებათ.

საერთოა კითხვებიც: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ასევე, ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა, საქმიანობა. ამოწმებენ სოციალურ ქსელებსაც. სუს-ში კი აცხადებენ, რომ უცხოელების ნაკადის გაკონტროლება სტანდარტული პროცესია.

„მე თვითონ უკრაინაში დავიბადე. აბსოლუტურად არ ვეთანხმები ხელისუფლებას და იმას, რაც ხდება. ვხვდები, რომ ისინი, ვინც ხელისუფლებას ეთანხმებიან, უფრო მეტნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც არ ვეთანხმებით. ამიტომ, დავტოვე რუსეთი“, – ამბობს ვასილისა, რომელიც თბილისში 7 მარტს ჩამოვიდა და ამატებს, რომ იგივე უთხრა უსაფრთხოების სამსახურსაც.

„მკითხეს, ვმსახურობდი თუ არა არმიაში. ვუთხარი, რომ არა. ასევე, რას ვფიქრობ უკრაინაში სიტუაციაზე - დეტალურად არაფერი, უბრალოდ ზოგადად შექმნილ სიტუაციაზე. ვუპასუხე, რომ შეშფოთებული ვარ და არ ვუჭერ მხარს. რომ აქ ჩამოვედი იმის გამო, რომ არ მინდა ჩათრეული ვიყო ამ კონფლიქტში, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტანტინე, კიდევ ერთი რუსი, რომელიც თბილისში გადმოვიდა.

კონსტანტინეს თქმით, უსაფრთხოების თანამშრომლებმა გამოკითხეს ყველა სხვა, დაახლოებით 10-მდე რუსი, რომლებიც იმავე ჰოსტელში ცხოვრობენ. ყველა, ვინც რადიო თავისუფლებას ესაუბრა, ამბობს, რომ გამოკითხვა საშუალოდ 15-20 წუთზე დიდხანს არ გრძელდება.

„მოწმდება ყველა და ყოველთვის“

ერთ-ერთი ჰოსტელის თანამშრომელი რუსეთიდან, რომელიც სამი წელია თბილისში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბოლო დრომდე არასდროს უნახავს ჰოსტელში მისული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

სუს-ში კი უარყოფენ უსაფრთხოების ზომების რაიმე სახით გაძლიერებას და ამბობენ, რომ უცხოელი ტურისტების შემოდინება ყოველთვის კონტროლდება „მრავალშრიანი, მრავალეტაპიანი სქემით“.

„კონტროლი იწყება სახელმწიფო საზღვრიდან და ვრცელდება ნებისმიერ ადამიანზე. როდესაც ხდება გამოკითხვა პირის საზღვარზე, ის შეიძლება ვერ ასაბუთებდეს შესაბამისად დამაჯერებლად ქვეყანაში შემოსვლის მიზანს, ან რაღაც საბუთები არ ჰქონდეს წესრიგში. ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს“, - განუმარტეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, კონტროლის სქემაში ჩართულია როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და „ამ ეტაპისთვის აქტიური საფრთხის კერები არ შეინიშნება“.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG