Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ


კიევი. სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშეი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა.
კიევი. სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშეი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა.

ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები პეტრ ფიალა, მატეუშ მორავიეცკი და იანეზ იანშეი დღეს კიევში ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად. ვიზიტი ტარდება უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის ჯარების შეტევის პირობებში.

როგორც „ჩეხეთის რადიო“ იტყობინება, მთავრობის მეთაურები მატარებლით ჩავიდნენ უკრაინაში.

„ჩვენი ამოცანაა, იქ ვიყოთ, სადაც ისტორია იჭედება. ვინაიდან საქმე გვეხება არა ჩვენ, არამედ ჩვენი ბავშვების მომავალს. ისინი ტირანიისგან თავისუფალ მსოფლიოში ცხოვრებას იმსახურებენ“, - მოჰყავს რადიოსადგურს მორავიეცკის სიტყვები. ფიალას თქმით, ვიზიტის მიზანია „მთელი ევროკავშირის მხრიდან უპირობო მხარდაჭერა დაუდასტუროს უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.

მორავიეცკიმ ასევე გაიხსენა პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის დროს: "დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ, ალბათ, ჩემი ქვეყნის, პოლონეთის ჯერიც დადგება."

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვის პრეზიდენტებთან და ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში გაემგზავრა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარები საქართველოს დედაქალაქზე შეტევასაც გეგმავდნენ.

კიევში სამი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ტარდება მაშინ, როცა უკრაინის ოფიციალური პირები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მოსკოვი შესაძლოა შეეგუა იმას, რომ ვერ შეძლო კიევისთვის ახალი ხელმძღვანელობა მოეხვია თავს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ კიევი მზადაა, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც არ შეესაბამება მის გრძელვადიან მიზნებს - ნატოს წევრობას, რასაც მოსკოვი ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG