Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინის დახმარებისთვის 13.6 მილიარდ დოლარს გამოყოფს - რომელ სფეროებში დაიხარჯება ფული


ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევას. გამოყოფილი თანხა შეადგენს 13.6 მილიარდ დოლარს.

„ამ კანონპროექტით ჩვენ გვინდა გავუგზავნოთ სიგნალი ამერიკელ ხალხს - ძლიერი სიგნალი იმის შესახებ, რომ დემოკრატებს და რესპუბლიკელებს ნამდვილად შეუძლიათ ერთად დგომა და რაღაცის გაკეთება", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა დაამატა, რომ რუსეთის შეჭრამ ამერიკაში ხალხი გააერთიანა, „გააერთიანა ჩვენი ორი პარტია კონგრესში და თავისუფლებისმოყვარე მსოფლიო, იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ და გადამწყვეტად, რასაც ზუსტად ახლა ვაკეთებთ".

თანხის განაწილება

  • სამხედრო დახმარება: ფინანსური დახმარების პაკეტის დაახლოებით ნახევარი, 6.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთვის, რეგიონში ჯარების განთავსებისა და უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გასაგზავნად;
  • ჰუმანიტარული დახმარება: 4 მილიარდ დოლარზე მეტი მოხმარდება უკრაინიდან წამოსულ ლტოლვილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს უკრაინაში. გარდა ამისა, თანხა მიემართება სამედიცინო დახმარებაზე და რეგიონში მოწყვლად თემებს გაეწევათ გადაუდებელი დახმარება.
  • ეკონომიკური დახმარება: პაკეტი შეადგენს თითქმის 1.8 მილიარდ დოლარს, რომელიც მიემართება უკრაინისა და მეზობელი ქვეყნებისთვის ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, მათ შორის, კიბერუსაფრთხოებისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
  • კანონი ითვალისწინებს 25 მილიონი დოლარის გამოყოფას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოსთვის, საერთაშორისო მედიისთვის; დახმარება ასევე გათვალისიწინებულია დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. 120 მილიონი დოლარი გამოიყოფა ადგილობრივი უკრაინელი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის;

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

რუსეთის სამხედროები უმოწყალოდ ბომბავენ საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებსა თუ სამშობიარო სახლებს.

XS
SM
MD
LG