Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელიდან რუსეთში უკვე გადაასვენეს 2500 რუსი სამხედრო


ქალაქი მოზირი, გომელის რეგიონი. 28 თებერვალი, 2022 წ.
ქალაქი მოზირი, გომელის რეგიონი. 28 თებერვალი, 2022 წ.

დაჭრილი რუსი სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსის ქალაქ გომელის რაიონის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობენ. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ისინი როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ტრანსპორტით უკრაინიდან ჯერ ქალაქ ნაროვლიაში ჩაჰყავთ. ხოლო იქიდან მოზირსა და გომელში საავადმყოფოებში ანაწილებენ.

რაც შეეხება დაღუპულ ჯარისკაცებს, მათი ცხედრები მატარებლით და თვითმფრინავით რუსეთში გადააქვთ.

„ჩვენ მოზირის საავადმყოფოში ყოფითი ტრავმით ვიყავით. უბრალოდ საშინელებაა, იქ იმდენი დაჭრილი რუსია. საშინლად არიან დასახიჩრებულნი. შეუძლებელია მათი კვნესის მოსმენა, მთელ საავადმყოფოში რომ ისმის“, - ჰყვება ერთ-ერთი თვითმხილველი რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან.

„შეუძლებელია მათი კვნესის მოსმენა, მთელ საავადმყოფოში რომ ისმის“

წყაროს თქმით, მხოლოდ გასულ კვირას მოზირში ასამდე დაჭრილ რუს სამხედროს ჩაუტარეს ოპერაცია, ხოლო უკვე ორშაბათს საავადმყოფოში უფრო მეტი დაჭრილი „მოყარეს“.

„საავადმყოფოში მყოფი ყველა ექიმი, მათ შორის, თერაპევტები და ოტოლარინგოლოგები, უტარებენ დაჭრილებს ქირურგიულ ოპერაციებს. მართალია, დახმარებას ადგილობრივებსაც უტარებენ, მაგრამ მალე შეიძლება ამის პრობლემა შეიქმნას“, - ამბობს მოზირის სამედიცინო სამსახურთან დაახლოებული წყარო. მასთან ასეთი ინფორმაცია ექიმებისგან შემოვლითი გზით ხვდება. ბელარუსმა ექიმებმა და მედდებმა ხელი მოაწერეს გაუმჟღავნებლობის შესახებ ხელშეკრულებას. ზოგიერთ ექიმს სამსახურიდან გათავისუფლებითაც დაემუქრნენ.

კიდევ ერთი წყაროს თანახმად, ბელარუსის ქალაქ ნაროვლიაში, ყოფილი ავტობაზის ტერიტორიაზე, სრულფასოვანი სამხედრო ჰოსპიტალია გაშლილი, თავისი სამზარეულოთი და სამრეცხაოთი.

„დაჭრილების დათვლა შეუძლებელია, მაგრამ მათი რაოდენობა აშკარად ასეულობითაა. ადგილობრივებს შიგნით არ უშვებენ. ვიღაც ბავშვები ტრიალებდნენ და შესაძლოა რაღაცას იღებდნენ. პოლიციამ ისინი „გაკოჭა“ და შემდეგ მათ მშობლებსაც მიაკითხეს. ყოველდღე საველე ჰოსპიტლის თავზე ჩნდება უკრაინიდან ჩამოფრენილი შვეულმფრენი. როგორც ჩანს, დაჭრილები შვეულმფრენებითაც ჩამოჰყავთ და არა მხოლოდ სამხედრო სასწრაფო დახმარების მანქანებით. დაჭრილებს ნაროვლიაში დიდხანს არ აჩერებენ. მათ აქ უტარებენ მკურბნალობას და შემდეგ გადაჰყავთ გომელსა და მოზირში, ხოლო სამხედროების გვამები, რომლებიც მოზირში მატარებლებში ინახება, რუსეთში გადააქვთ“, - უამბეს ნაროვლიაში მცხოვრებლებმა რადიო თავისუფლებას.

„არარეალურად ბევრი გვამი იყო!“

3 მარტს წყაროები იტყობინებოდნენ, რომ მოზირსა და გომელში საავადმყოფოების მორგები გადავსებული იყო უკრაინაში დახოცილი რუსი სამხედროების გვამებით. მოზირში გასულ კვირაში ცხედრები სასწრაფოდ დატვირთეს რუსეთისკენ მიმავალ მატარებლებში.

„არარეალურად ბევრი გვამი იყო! ადამიანები, რომლებიც მოზირის სადგურზე იმყოფებოდნენ, უბრალოდ შოკში იყვნენ მატარებელში დატვირთული გვამების რაოდენობით. ხალხმა ვიდეოების გადაღება დაიწყო, მაგრამ სამხედროები მიცვივდნენ და უბრძანეს, შეეწყვიტათ გადაღება. ხოლო მოზირთან ახლომდებარე სოფელ კამენკაში სასაფლაოს ალყა შემოარტყეს და შიგნით არავის უშვებდნენ. შესაძლოა იმიტომ, რომ იქ რუსი სამხედროების დამარხვა დაიწყეს. მით უფრო, რომ კამენკა-ბოკოვას მახლობლად არის აეროდრომი და რუსების დიდი ბანაკი“, - უამბო ბელარუსულ სამსახურს მოზირის მკვიდრმა.

კიდევ ერთმა წყარომ თქვა, რომ გასული კვირის ბოლოს გომელის ოლქიდან მატარებლებითა და თვითმფრინავებით რუსეთში დაახლოებით 2500 ცხედარი გადაასვენეს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს 14 ათასამდე სამხედრო დაკარგა.

მაგრამ რუსეთმა ოფიციალურად დღემდე მხოლოდ დაახლოებით 500 სამხედრო პირის დაკარგვა აღიარა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის ინტერვენციას 1350 უკრაინის დამცველი შეეწირა.

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებსა და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად იქცა 3 მილიონამდე უკრაინელი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG