Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გაიმართება პოლონეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრა


საქართველოში სამუშაო ვიზიტს იწყებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი. ის დღეს ბათუმში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ორი დღით ადრე, 15 მარტს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ჩეხ და სლოვენიელ კოლეგებთან ერთად, კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. მორავიეცკი და ღარიბაშვილი ბათუმის ახალ ბულვარში გახსნიან პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ძეგლს.

პოლონეთის მთავრობის თანახმად, პრემიერ-მინისტრები განიხილავენ საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო. საუბარი იქნება, კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგებზეც.

პოლონეთის მთავრობის ცნობითვე, პრემიერი მორავიეცკი განიხილავს საქართველოს ჩართულობას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის რეალიზაციაში და საუბარი იქნება ეკონომიკური სანქციების შედეგებზეც ქვეყნებისთვის, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას.

პრემიერ-მინისტრები განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ გამოწვევებსაც, კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ახლახან წარდგენილ განაცხადს.

საქართველოში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზში პოლონეთის მთავრობა იმასაც წერს, რომ მატეუშ მორავიეცკი რამდენიმე დღეა, სხვადასხვა დონეზე მიმართავს დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინისა და უკრაინელებისთვის მაქსიმალურად ეფექტური მხარდაჭერის მიზნით.

საქართველოს მთავრობა არ უერთდება უკრაინის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად 25 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობის მხრიდან უკრაინას აქვს "სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა", თუმცა, "ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით", არ აპირებენ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს, რადგან ეს "მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას". პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ამ განცხადებას თბილისში მოჰყვა საპროტესტო აქციები და მისი გადადგომის მოთხოვნა.

28 თებერვალს, უკრაინაში მოხალისეებად წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებზე დაყრდნობით, ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოხალისეთა წასაყვანად უკრაინა გზავნიდა თვითმფრინავს, რომელმაც საქართველოსგან ვერ მიიღო რეისის შესრულების ნებართვა.

მოხალისეთა შეფერხების და სანქციებისადმი საქართველოს მთავრობის პოზიციის გამო, 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონსულტაციებისთვის თბილისიდან ელჩი გაიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG