Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ჩვენ გვახსოვს პოლონეთის პრეზიდენტი, რომელიც 2008 წელს ომის დროს ჩამოვიდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მოსახლეობას ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც ქვეყნისა და ხალხის მხარდასაჭერად საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ჩამოვიდა. ამის შესახებ მან პოლონეთის პრემიერთან, მატეუშ მორავიეცკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"საქართველო და პოლონეთი ყოველთვის იდგა გვერდიგვერდ მძიმე წუთებში. ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც პრეზიდენტი კაჩინსკი ევროპელ ლიდერებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით. მან პირადად ჩამოიყვანა ევროპელი ლიდერები თბილისში იმისთვის, რომ დამდგარიყო ჩვენი ხალხის გვერდით. ამას თითოეული ქართველი ძალიან აფასებს, ჩვენ გვახსოვს და ვართ მადლობლები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, გუშინ, 16 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ საქართველოში 2008 წელს ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები მაშინ ჩამოვიდნენ, როცა ცეცხლი უკვე შეწყვეტილი იყო.

15 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეოცე დღეს, კიევში ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, ქვეყნის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად საქართველოში უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვის პრეზიდენტები და ლატვიის პრემიერ-მინისტრი 12 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარები საქართველოს დედაქალაქზე შეტევასაც გეგმავდნენ, 13 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ უარყო ცნობა, თითქოს რუსეთის სამხედრო ნაწილები თბილისისკენ დაიძრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG