Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიუდმილა დენისოვა: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მდგომარეობა გაუარესებულია


უკრაინის ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა
უკრაინის ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა

ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის რადის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ლიუდმილა დენისოვამ, 17 მარტს განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მდგომარეობა გაუარესებულია და არსებობს რადიაციის გაჟონვის რისკი.

„უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის სამხედროთა მოქმედებები ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მთელს ევროპას. გუშინ მტრის ცეცხლის გამო დაზიანდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მაღალვოლტიანი ხაზი... ხაზის რემონტი შეუძლებელია, ვინაიდან დაზიანების ზონაში გრძელდება აქტიური სამხედრო მოქმედებები... არსებობს დენის მიწოდების სრული შეწყვეტის საფრთხე. თუკი ეს მოხდება, შედეგები უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში“, - დაწერა დენისოვამ. ომბუდსმენის თქმით, შეიძლება საფრთხე შეექმნას გამაგრილებელ სისტემას, რამაც შეიძლება რადიოაქტიური გაჟონვა გამოიწვიოს.

დენისოვამ დასძინა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში რუსეთის ფედერაციის სამხედროთა მოქმედება „არის ბირთვული ტერორიზმის აქტი“ და ის უხეშად არღვევს ჟენევის კონვენციებსა და ბირთვულ სფეროში საერთაშორისო ვალდებულებათა რეგულაციის სხვა აქტებს.

მანამდე მსგავსი საფრთხე გაჩნდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში. 15 მარტს უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ აღდგენილია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მეორედ დაზიანებული ელექტროგადამცემი სისტემა, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურს ელექტროენერგიით გარედან ამარაგებს.

სადგურისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტა საფრთხეს უქმნიდა რადიოაქტიური ნარჩენების მუდმივად გაგრილებას, რაც აუცილებელია რადიაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG